ქართველებისთვის ლოზანას გრანდ სლემის მეორე დღე დასრულდა
შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, ქართველებმა, მეორე საშეჯიბრო დღეს გამოსვლები დაასრულეს. სამწუხაროდ, მედალი არავის მოუპოვებია.
დღევანდელ საშეჯიბრო დღეს, ვაჟთა შორის, მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე 73 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ) გამოდიოდნენ. ხოლო გოგონათა შორის, მედლისთვის ნინო გულბანი იბრძოდა (70 კგ).
მიხეილ ბახბახაშვილმა პირველი ბრძოლა იუკოთი, დანიელ მეტოქეს მოუგო, ხოლო 1/16-ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან დამარცხდა.
გიორგი ლოლაძე რეპეშაჟამდე მივიდა, თუმცა იქ უნგრელ არონ გაბორთან იუკოთი წააგო (იქამდე მეოთხედფინალში ფინალში დამარცხდა ტაჯიკ ასადულოევთან).
დვალაშვილმა ბრძოლა მერვედფინალში დათმო - ყაზახ ჟუბანაზართან (იპონით).
ნინო გულბანი, ტურნირის პირველივე შეხვედრაში, პორტუგალიელ ტაის პინასთან, იუკოთი დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჩემპიონი, პირველ დღეს, ეთერ ლიპარტელიანი გახდა და ჩვენს გუნდს ჯერ ეს ერთი ოქროს მედალი აქვს.
ლოზანას ტურნირის ბოლო დღეს ტატამიზე აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ჯავახიშვილი (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გამოვლენ.