ქართველების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია | ტოკიოს გრანდ სლემი 2025
2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს ტოკიოს გრანდ სლემი დახურავს, რომელიც 6-7 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ტოკიოს გრანდ სლემზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი პირველად იასპარეზებს, თანაც წითელი არშიით. ასევე ტატამზე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავებს ვიხილავთ - ნაკრები ტოკიოში 14 სპორტსმენით იასპარეზებს.
სულ ახლახანს კი, ტოკიოში წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი მეტოქეების საშეჯიბრო ბადეები და შესაბამისად სავარაუდო მეტოქეე გაირკვა. გთავაზობთ თითოეული ქართველის საშეჯიბრო ბადესა და სავარაუდო მეტოქეს.
73 კგ
73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი იჭიდავებენ.
ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი B ბადეში განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც პოლონურ-ისრაელის წარმომადგენელს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, 1/4-ფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი - რიუჯა ტანაკა იქნება.
რაც შეეხება გიორგი ტერაშვილს, გიორგი განთესილი არ არის და A ბადეში ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან, იაპონელ - კეიტო კიჰარასგან იწყებს, იაპონელის დამარცხების შემთხვევაში კი, 1/8-ფინალში რუს - არმენ აღაიანს დაუპირისპირდება.
81 კგ
81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკარების ღირსებას - ზაურ დვალაშვილი დაიცავს.
ზაური D ბადეში პირველივე ეტაპიდან იწყებს ბრძოლას, სადაც მას სამხრეთ კორეელი მეტოქე ეყოლება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველს ბადეში საკმაოდ გაუმართა და რეალური შანსი აქვს, რომ მინიმუმ მედლისთვის იჭიდავოს.
90 კგ
90 კგ-ში საქართველოს სახელით - ლაშა ბექაური და გიორგი ჯაბნიაშვილი გამოვლენ.
2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი D ბადეშია განთესილი, სადაც ასპარეზობას პირდაპირ 1/8-ფინალიდან დაიწყებს და მისი მეტოქე, პერუულ-სამხრეთ კორეულ დაპირისპირებაში გაირკვევა. 1/4-ფინალში კი ლაშას სავარაუდო მეტოქე, ფრანგ - ნგაიაპ ჰამბუსა და იაპონელ - ჰიდეტოში ტოკუმოჩის შორის გამარჯვებული იქნება.
ძიუდოს ექსპერტების აზრით, ლაშა ბექაური ტოკიოს გრანდ სლემის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
რაც შეეხება გიორგი ჯაბნიაშვილს - ახალგაზრდულებში ცხელ-ცხელ ევროპის ჩემპიონს, გიორგი C ბადეშია განთესილი და 1/8-ფინალში, მის მეტოქეს დაელოდება, რომელიც რუსულ-პოლონურ დაპირისპირებაში გაირკვევა. თუ გიორგი 1/4-ფინალში გასვლას შეძლებს, მისი მეტოქე დიდი შანსით, იაპონელი - გოკი ტაჯიმა იქნება.
100 კგ
100 კგ-ში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე - ილია სულამანიძესა და ნიკა ხარაზიშვილს ვიხილავთ.
ილია სულამანიძე B ბადეში განთესილი იქნება და მეტოქეს დაელოდება, რომელიც სამხრეთ კორეულ-იაპონურ დაპირისპირებაში გაირკვევა. 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ილია სულამანიძე რუს - ნიაზ ბილალოვსა და ბულგარელ - დანიელ დიჩევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
C ბადეში იასპარეზებს ნიკა ხარაზიშვილი, სადაც ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან, შვედ - კარლ ბატესთან დაიწყებს, მისი დამარცხებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, ნიკას მეტოქე, იაპონელი - დოტა არაი იქნება.
+100 კგ
მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას - გურამ თუშიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაიცავენ.
გურამ თუშიშვილი C ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მე-2 ეტაპიდან, ანუ 1/8-ფინალიდან იწყებს, სადაც მონღოლ - ცეცეცენგელ ოდხუს შეხვდება. 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, თუშას მეტოქე, რუს - ვალერი ენდოვიცკისა და იაპონელ - კაზუია სატოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ირაკლი დემეტრაშვილს, ირაკლი B ბადეშია განუთესავი, სადაც ეგვიპტელ - მოჰამედ აბორაკიასთან დაპირისპირებით იწყებს, ეგვიპტური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, დემეტრაშვილი მონღოლ მეტოქეს შეხვდება, 1/4-ფინალში კი იაპონელ - ჰიოგა ოტასთან იკვეთება.
57 კგ
57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, მსოფლიო ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე დაიცავენ.
ეთო A ბადეშია განთესილი, სადაც ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ერთვება და სლოვენიურ - სამხრეთ კორეულ დაუპირისპირებაში გამარჯვებულს მეორე რაუნდში, ანუ 1/8-ფინალში შეხვდება. 1/4-ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე, იაპონელი - აკარი ომორი იქნება.
რაც შეება ნინო ლოლაძეს, ნინო ძალიან რთულ ბადეშია მოხვედრილი (C). იგი განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მონღოლ მეტოქეს შეხვდება. მონღოლური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ლოლაძე იაპონელ - მომო ტამაოკის დაუხვდება.
70 კგ
70 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს - მარიამ ჭანტურია.
მარიამი A ბადეში განუთესავია და ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან იწყებს, სადაც რუს - მადინა ტაიმაზოვას შეხვდება. რუსული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მარიამის მეტოქე, ავსტრალიელი - აოიფ კუგლანდი იქნება.
+78 კგ
ქალთა მძიმე წონაში, ტრადიციული წარმომადგენელი - სოფიო სომხიშვილი გვეყოლება.
სოფიო D ბადეში იწყებს ასპარეზობას, სადაც პირველივე ეტაპზე, იაპონელ - რური ფუჯის დაუპირისპირდება. იაპონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, სომხიშვილი 1/4-ფინალში გავა, სადაც სამხრეთ კორეელ - ჰაიუნ კიმს შეეჯიბრება.
შეჯიბრის განრიგი
I დღე - კაცები: 90, 100 და +100 კგ | ქალები - 48 კგ, -52 კგ, -57 კგ, -63 კგ (დასაწყისი 05:00, ფინალური ბლოკი - 12:00)
II დღე - კაცები: 60 კგ, 66 კგ, 73 კგ, 81 კგ | ქალები: 70 კგ, 78 კგ, +78 კგ ( (დასაწყისი 05:00, ფინალური ბლოკი - 12:00)