Belive

ქართული კლუბები ისევ გარეთ დარჩნენ - სხვების ზეიმი ჩვენს მოედნებზე

4 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

დღეს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები ჩატარდა. გორის დილა რიგას ხვდებოდა, რომელთანაც პირველი მატჩი 1:2 დათმო. ქუთაისის ტორპედო ომონიას მასპინძლობდა - კვიპროსელებმა პირველი თამაში 1:0 მოიგეს, ხოლო სპაერი ვენის აუსტრიასთან 0:2 წაგებული თამაშის შემდეგ ცდილობდა რეაბილიტაციას.

დავიწყოთ სპაერის თამაშით - ქართულმა კლუბმა ავსტრიელები მესხი 2-ზე მიიღო. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდ აუტსაიდერად, მეტოქიდან გამომდინარეც, სწორედ სპაერი ითვლებოდა და მეორე ლიგელმა გუნდმა სურპრიზი ვერ შემოგვთავაზა. თბილისში 0:5 წავაგეთ, 2 მატჩის ჯამში კი 0:7 და აუსტრია შემდეგ ეტაპზე უმარტივესად გავიდა.

ქუთაისელებს მინიმალური სხვაობით ჰქონდათ წაგებული კვიპროსში და რამაზ შენგელიას სახელობის არენაც სავსე იყო, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. 35 წლის სტევან იოვეტიჩმა ქუთაისელებს 2 მატჩში 3 გოლი გაუტანა (დუბლი განმეორებით შეხვედრაში), 2 გოლი კი სემედუმ შეაგდო. ბრძოლა არ შედგა და ომონიაც შემდეგ ეტაპზეა.

გუნდი, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მესამე რაუნდთან გორის დილაა. დღეს ერთი ბურთით მოგება გვჭირდებოდა იმისთვის, რომ საქმე დამატებით დრომდე (ან პენალტების სერიამდე) მიგვეყვანა. გორელები შეხვედრას სამჯერ იგებდნენ. რიგამ სამჯერვე გაათანაბრა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ბოლოს ეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე მოახერხა. საბოლოოდ, ორ მატჩში დილამ 5 გოლი გაუშვა, თავად კი 4 გაიტანა.

2 დღის წინ კონფერენს ლიგას გამოეთიშა საქართველოს ჩემპიონი იბერიაც, რომელმაც ესტონური ლევადიას ბარიერი ვერ დაძლია - დღეს გავიგეთ, რომ იბერიამ მწვრთნელი, ლევან კორღალიძე შეცვალა.

ოთხივე ქართული კლუბისთვის, ევროსეზონი დაწყებამდე დასრულდა.

სხვა სტატიები