ოთარ მამაგეიშვილი: "საქართველოს სანაკრებო ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს და მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ"
საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი, მოქმედი ჩემპიონის, "იბერია 1999-ს" აკადემიის აღზრდილი და შემდეგში მთავარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ მამაგეიშვილი გახდა.
22 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ 2023 წელს, საქართველოსა და რუმინეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ირჯებოდა. შემდეგ, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით მომდევნო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერის წარმატებით დაძლევის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, 2025 წლიდან კი კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში აგრძელებს.
"ფამალიკაოს" ნახევარმცველს, რომელსაც პორტუგალიის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში დებიუტი უკვე ჰქონდა, რამდენიმე საინტერესო თემის, მათ შორის მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შესახებ ვესაუბრეთ.
2024 წლის სეზონი როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, გამორჩეულად წარმატებული გამოდგა, მაგრამ თან ბევრი გამოწვევაც სდევდა. "იბერიას" რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული მონაკვეთი ჰქონდა. შენი აზრით, რამ განაპირობა გუნდის მიერ საჩემპიონო ძალების გამოვლენა და ტიტულის მოპოვება?
წინა საჩემპიონო სეზონი გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით, ძალიან დამაჯერებლად დავიწყეთ. ამის შემდეგ გვქონდა ჩავარდნა და უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა მატჩის მოგებას ვერ მოვახერხებთ. ასეთი ეტაპი ყველა გუნდისთვის სეზონის განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავია. ამის მერე, მოვიდა ლევან კორღალიძე, რომელთან ერთადაც, ევროტურნირებზე არც ისე ცუდი თამაშები ჩავატარეთ. საქართველოს ჩემპიონატში 7-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შევძელით და ეს ფაქტორი ჩვენი ჩემპიონობის ყველაზე დიდი საწინდარი გამოდგა. მიხარია, რომ ჩემი კარიერა აქამდე სრულად ამ გუნდში მაქვს გატარებული.
კარიერაში სადებიუტოდ, ქვეყნიდან როგორც ლეგიონერი ისე მიდიხარ. მშვენიერი სეზონის შემდეგ, შემოთავაზებები რა თქმა უნდა ბევრი იქნებოდა, რატომ გადაწყვიტე "ფამალიკაოში" გადასვლა?
სიმართლე გითხრათ, ზამთარში, "იბერია 1999-დან" სხვა გუნდში გადასვლას არ ვჩქარობდი. გუნდში მშვენიერი გარემო გახლდათ: წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გველის და ასევე, "იბერია" იმისთვის ემზადება, რომ კიდევ ერთხელ გახდეს ჩემპიონი. აქვე ვიტყვი, რომ ჩემს გარეშეც საკმაოდ კარგად თამაშობენ და აქედან წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, სეზონის განმავლობაში "იბერია" ასე გააგრძელებს და ჩემპიონობას მოახერხებს.
რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მათ შორის თურქეთის და სხვა ქვეყნების ჩემპიონატებიდან. შედარებით უკეთეს ფინანსურ პირობებსაც მთავაზობდნენ, მაგრამ არჩევანი პორტუგალიის ჩემპიონატზე შევაჩერე. ამას თავის მიზეზები აქვს, წინ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატია, რომელიც ახლოვდება და მინდა, რომ ამ ტურნირს სასურველ ფორმაში შეხვდე. ამიტომ, გადავწყვიტე ისეთი გუნდი და ჩემპიონატი ამერჩია, რომელშიც საკუთარი შესაძლებლობების ყველაზე მაღალ დონეზე განვითარებას შევძლებ. პორტუგალიის ჩემპიონატში თამაში ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამიტომ მგონია, რომ ადეკვატური გადაწყვეტილება მივიღე.
პორტუგალიური ფეხბურთი ძალიან მხიბლავს. სათამაშო სტილით ჩემთან ახლოს არის და მომწონს ასეთი ფეხბურთის თამაში. აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საკუთარი თავის განვითარება უკეთესად შევძლო. სხვათაშორის, ჩემი ორი თანაგუნდელი პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და მათ ევროპის ჩემპიონატზე შევხვდებით.

ახალ გუნდში როგორ მიგიღეს? რამდენად მარტივად ახერხებ ახალ გარემოსთან შეგუებას?
მინდა ხაზი გავუსვა, იმ ფაქტს, რომ ადგილობრივები ქართველებს სტუმარმასპინძლობის სიყვარულით ძალიან გვგვანან. ჩამოსვლის დღიდან, ყველგან ვგრძნობ თბილ დამოკიდებულებას. სულ რამდენიმე დღის ჩამოსულს, ქუჩაში ან მაღაზიაში შეხვედრის დროს მეკითხებიან: "შენ ხომ ახალი ფეხბურთელი ხარ?! წარმატებებს გისურვებ!" თავს დაფასებულად ვგრძნობ და ამიტომ ეს ქალაქი მომწონს. უშუალოდ გუნდში, ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც, პერსონალიც და მენეჯმენტიც ძალიან კეთილგანწყობილად დამხვდა, რამაც ადაპტაციის პერიოდის მარტივად გავლაში ხელი შემიწყო.
ქალაქი ძალიან მომწონს, სიწყნარე, კარგი ადამიანები და კარგი სამზარეულო. დასაწყისით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ მალე კიდევ უფრო მეტად მოვუმატებ და საკუთარი შესაძლებლობების მეტი დოზით ჩვენებას მოვახერხებ.
მართლაც, ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება. საქართველოს ზედიზედ მესამე წელი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები ჰყავს წარმოდგენილი. როგორ აფასებ ამ მზარდი წინსვლის პერიოდს და რა არის ამის მთავარი მიზეზები?
წინა ევროპის ჩემპიონატზე მართალია საგზური არ მოგვიპოვებია და მასპინძლის სტატუსით ვითამაშეთ, მაგრამ უშუალოდ ტურნირზე საკმაოდ წარმატებულად გამოვედით. ამას მთავარი ნაკრების წარმატება და ასაკობრივი გუნდების ელიტ-რაუნდში რეგულარული გამოსვლა მიეწყო. ამის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ალბათ ეს 3 წელიწადი სანაკრებო დონეზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ალბათ, ეს ის საუკეთესო პერიოდია, რომელიც შეიძლება გვქონოდა, რადგან ჩავარდნის გარეშე გავიარეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება.
ვფიქრობ, დიდი მომავალი გვაქვს, ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე ერთიანობაა. შესაძლებელია, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშო და კონკრეტულ ტურნირზე კარგი შთაბეჭდილება დატოვო, მაგრამ 2 წლის განმავლობაში საკვალიფიკაციო ეტაპზე რეგულარულად, წარმატებით გამოხვიდე, ეს კიდევ განსხვავებული სპეციფიკაა და ასეთ შედეგს ყველაზე დიდი დოზით სჭირდება გუნდურობა, რაც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ განსაკუთრებულად შეგვიძლია.
რა როლი აქვს ამ წარმატებაში გუნდის მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს?
ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ რამაზ სვანაძემ ზუსტად იცის, როდის და რა მომენტში, რომელ ფეხბურთელთან როგორ უნდა იმუშაოს. კონკრეტული მატჩის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ასეთ მწვრთნელთან მუშაობა განსაკუთრებულად კომფორტულია. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ნაკრებში შეუცვლელი ფიგურაა. ეს გარემოებაც დამსახურებულია, რადგან ჩვენ ვიცით მისი შედეგების და წარმატების შესახებ. რამაზ სვანაძე, როგორც მწვრთნელი, საქმით საუბრობს. ამიტომ, მჯერა, რომ ერთად კიდევ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ.
