ოთარ კაკაბაძეს გერმანული და ნიდერლანდური გუნდები აკვირდებიან
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე ორი წელია კარიერაში საუკეთესო და ყველაზე შედეგიან პერიოდს ატარებს.
ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელ, ამ ქვეყნის ყველაზე ძველ გუნდს, "კრაკოვიას" ლიდერობს და კაპიტნობს, გოლები გააქვს, საგოლე პასებს აკეთებს და ტურის თუ თვის სიმბოლურ გუნდშიც ხშირად ხვდება.
პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 29 წლის ფეხბურთელს გერმანული და ნიდერლანდური გუნდების წარმომადგენლები აკვირდებიან.
ექსტრაკლასას 29-ე ტურში, ოთარ კაკაბაძემ ტიტულოვან პოლონურ გუნდს, პოზნანის "ლეხს" სტუმრად გოლი გაუტანა, "კრაკოვიამ" კი (1:2) წააგო. პოზნანში გამართულ მატჩს გერმანული და ნიდერლანდური გუნდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება.
ოთარ კაკაბაძე ამ სეზონში "კრაკოვიას" შემადგენლობაში ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.