ოფიციალურად: იური ტაბატაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, იური ტაბატაძე კარიერას ესპანეთის ლა ლიგა2-ში გააგრძელებს.
25 წლის შემტევი ნახევარმცველი ესპანეთის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ კადისთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას იბერია 1999-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კადისი 1910 წელს ანდალუსიის რეგიონში დაფუძნებული გუნდია, რომელსაც ლა ლიგაში 16 სეზონი აქვს გატარებული, საიდანაც ლა ლიგა2-ში 2024 წელს დაქვეითდა. ახალ სეზონში კადისს ორ ტურში 4 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-11 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს გუნდი 31 აგვისტოს, ალბასეტესთან გამართავს.
იური ტაბატაძე იბერია 1999-ის (იმ დროს საბურთალოს) აკადემიის აღზრდილია და თბილისური კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 191 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი და 24 საგოლე პასი გაკეთებული.
ეროვნული ლიგის ამ სეზონში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ გატანილი 11 გოლით იური ტაბატაძე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.