"ნამდვილ სიყვარულს საზღვრები არ აქვს" - ირაკლი იეგოიანის დედის ემოციური პოსტი
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და ექსელსიორის ცენტრალური ნახევარმცველის, ირაკლი იეგოიანის დედა, თამარა გრანკოფსკაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილის მიერ განვლილი გზის შესახებ საუბრობს.
"ემიგრანტი შვილი…
ჩემი შვილი საქართველოში ჩამოვიდა. იმ ქვეყანაში, სადაც მისი ბავშვობის ყველაზე თბილი მოგონებებია დარჩენილი.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა ნიდერლანდებში გადავედით საცხოვრებლად, საქართველოს, თბილისისა და განსაკუთრებით ბაბუას სიყვარული არასოდეს დავიწყებია. დრო და მანძილი ვერაფერს გახდა იმ კავშირის წინააღმდეგ, რომელიც გულში ბავშვობიდან ჩაიბეჭდა.
დღეს რომ ვუყურებ, როგორ ხვდება ბაბუას, ვხვდები, სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის… სამშობლო ის ადამიანები არიან, ვინც გულში გატარებენ, სადაც არ უნდა იყო და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.
ემიგრაციამ ბევრი რამ წაგვართვა: ნაცნობი ქუჩები, ოჯახური დღეები, ერთად გატარებული წლები… მაგრამ ვერ წაგვართვა სიყვარული, რომელიც საქართველოსთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან გვაკავშირებს.
თბილისი ისევ ის თბილისია… ბაბუა ისევ ის ბაბუაა… და ჩემი შვილის გულში საქართველო ისევ თავის ადგილასაა.
მანძილი შეიძლება დიდხანს გვაშორებდეს ერთმანეთს, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს საზღვრები არ აქვს", - ირაკლი იეგოიანის დედა, თამარა გრანკოფსკაია.
ირაკლი იეგოიანი ახალ სეზონს შესანიშნავად იწყებს. ნიდერლანდების ერედივიზიონში ქართველი ფეხბურთელის აქტივში უკვე 2 გოლი და 5 საგოლე პასია, რითაც როტერდამული გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად იქცა.