Belive

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – 73 კგ წონითი კატეგორია | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ

7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, 9 მაისს, მეორე საშეჯიბრო დღეს, 73 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს.


ლაშა შავდათუაშვილის ტიტულები და გზა ეროვნული ნაკრებისკენ

ლაშა შავდათუაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2011 წლიდან იცავს, დანარჩენი კი ისტორიაა...

31 წლის გორელი ფალავანი ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი სპორტსმენია.

ევროპის ჩემპიონატი |

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი ინდივიდუალურად ერთხელ გახდა. ეს ყველაფერი კი 2013 წელს, 66 კგ წონით კატეგორიაში, ბუდაპეშტში შეძლო. ლაშა გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებთან ერთად 4-გზის ევროპის ჩემპიონია.

შავდათუაშვილს 66 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც აქვს მოპოვებული (2012 წელს).

რაც შეეხება მის ახლანდელ წონას (73 კგ), 31 წლის ქართველი ფალავანი 2-გზის ევროპის ვიცე-ჩემპიონია (2016 და 2020 წლები).

მსოფლიო ჩემპიონატი |

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი 2021 წელს, ბუდაპეშტში გახდა. ამ ტიტულის მოპოვებით იგი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც დიდი სამეული შეკრა (ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი).

ოლიმპიური თამაშები |

ლაშა შავდათუაშვილს ქართული ძიუდოს ისტორიაში კიდევ ერთი უნიკალური მიღწევა აქვს - ლაშა არის პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

შავდათუაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონობა 20 წლის ასაკში, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

ვერცხლის მედალს კი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე დაეუფლა, სადაც ფინალში ასევე ლეგენდარულ - შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

ლაშამ ბრინჯაოს მედალი კი 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა.

გრანდ სლემები |

ლაშა შავდათუაშვილს გრანდ სლემებზე 14 მედალი აქვს მოპოვებული. აქედან 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი.

ოქრო - აბუ დაბის გრანდ სლემი (2018 წელს); თბილისის გრანდ სლემი (2022 წელი); პარიზის გრანდ სლემი (2022, 2023 წლები).

ვერცხლი - პარიზის გრანდ სლემი (2018 წელი); ბუდაპეშტის გრანდ სლემი (2022 წელი).

ბრინჯაო - რიო დე ჟანეიროს გრანდ სლემი (2012 წელი); აბუ დაბის გრანდ სლემი (2015 წელი); პარიზის გრანდ სლემი (2019 წელი); დიუსელდორფის გრანდ სლემი (2019 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2021 წელი); აბუ დაბის გრანდ სლემი (2021 წელი); ბაქოს გრანდ სლემი (2022 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2023 წელი).

მასტერსები |

სამწუხაროდ ლაშა შავდათუაშვილს მასტერსებზე ოქროს მედალი არ აქვს, მეტიც მას სულ 2 მედალი აქვს მოპოვებული.

2017 წლის სანქტ-პეტერბურგის გრანდ სლემზე შავდათუაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2018 წელს კი გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


73 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტები იასპარეზებენ. გამოსარჩევია იაპონიის ნაკრები, “გოძილები” უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ, ეს წონა კი მათთვის ერთ-ერთი საყვარელია, ნუ ყოველ შემთხვევაში საყვარელი იყო, რადგან მათ ლეგენდარული წარმომადგენელი - შოჰეი ონო ჰყავდათ.

ლაშა შავდათუაშვილმა 2023 წელი მშვენივრად დაიწყო, პარიზის გრანდ სლემი, ზედიზედ მეორედ მოიგო, თბილისის გრანდ სლემზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლისთვის კი შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს შეუტევს, სადაც როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ქართველი ფალავანი, ამ წონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად და ლიდერად მოიხსენიება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, 73 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები შემდეგი ძიუდოისტები იქნებიან.

  • ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
  • ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
  • სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
  • ცენდ-ოჩირ ცონგბაატარი (მონღოლეთი)
  • მუროდჯონ იულდოშევი (უზბეკეთი)
  • ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)

ლაშა შავდათუაშვილს ტატამზე 9 მაისს ვიხილავთ.

სხვა სტატიები