მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
4 ნოემბერს, ნიონში, ქალთა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის C ლიგაში იასპარეზებს. ირის ანტმანის გუნდი მე-4 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები საბერძნეთის და ფარერის კუნძულების ნაკრებები იქნებიან.
C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ასევე 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.
"წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. სადებიუტოდ ვართ ჯგუფში, სადაც მხოლოდ სამი გუნდია. მეტოქეებს კარგად ვიცნობ. როგორც ადრე, ეს საკვალიფიკაციო ეტაპიც გამოწვევა იქნება ჩვენთვის. ჩვენი ლიგა მარტის შუა რიცხვებში დაიწყება, ამიტომ, დამატებითი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ შესარჩევის სტარტს. გუნდური მუშაობით და საკუთარი თავის რწმენით შეგვიძლია კარგი შედეგის მიღწევა", - ამბობს ირის ანტმანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის 3-7 მარტს, 14-18 აპრილს და 5-9 ივნისს უნდა გაიმართოს.