"მიქაუტაძის დამატება სირცხვილია" - აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი ქართველს აკრიტიკებს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, ამსტერდამის "აიაქსში" სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ნიდერლანდურ გრანდში მთავარი მწვრთნელის, მორის შტეინის ნდობას მოკლებულია. ის კი არა, ქართველ ფეხბურთელს მთელს ახალ სეზონში საერთო ჯამში სამ მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა და აქედან არცერთში საკუთარ პოზიციაზე არ უთამაშია.
ამ ყველაფერს ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საშინელი სეზონის სტარტი ემთხვევა, რის ფონზეც ნიდერლანდელმა ექსპერტებმა ქართველი ფეხბურთელის გასაკრიტიკებლად მაინც მოიცალეს.
კონკრეტულად, "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი, ენდი ვან დერ მეიდე დედაქალაქურ გუნდში არსებული სიტუაციის ფონზე, პრობლემას ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში ხედავს.
"მიქაუტაძე მოედანზე მშვიდად დადიოდა და სავარაუდოდ ასე ამბობდა: ბიჭებო, ეს თქვენ გააკეთეთ, მე არ შემიძლია. ეს დაუჯერებელია. ნამდვილად სირცხვილია, რომ "აიაქსმა" ეს ფეხბურთელი მოიყვანა", - თქვა მეიდემ, რომელიც გუნდის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 1997-2003 წლებში ირიცხებოდა.
"აიაქსს" ნიდერლანდების ერედივიზიონში მეტოქეებთან შედარებით ორით ნაკლები, 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 დაგროვებული ქულით, მისთვის უჩვეულო მე-16 პოზიციაზე იმყოფება, რაც გასავარდნ ზონას ნიშნავს. მომდევნო შეხვედრა მიქაუტაძის ახალმა გუნდმა 22 ოქტომბერს, "უტრეხტის" წინააღმდეგ, სტუმრად უნდა გამართოს.