Belive

"მეოთხე ლიგაში დაქვეითება და ქულების დაკლება" - პირატები განცხადებას ავრცელებენ

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დინამო ბათუმის გულშემატკივართა ფან-კლუბი, "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებენ. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული გუნდის გულშემატკივრები აცხადებენ, რომ დინამო ბათუმს ფინანსური პრობლემები აქვს და არსებობს შანსი, ქვეყნის რანგით მეოთხე ლიგაში დაქვეითდეს.

"მოგესალმებით, ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ბათუმის დინამო: ჩვენი ღირსების სიმბოლო.

კლუბი, რომელმაც არაერთი სიხარული გვაჩუქა, დღეს მძიმე კრიზისის წინაშეა და ახლა ჩვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე.

მიგვაჩნია, რომ ვალდებულები ვართ გამოვეხმაუროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც გუნდი იმყოფება: ფინანსური კრიზისის გამო საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიონალურ სტატუსს. ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება კი ფაქტობრივად კატასტროფას ნიშნავს.

ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის: ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა, რომელიც 100 წელზე მეტია და მხოლოდ ბათუმის "დინამოს" უკავშირდება.

ამავდროულად, გვინდა მადლობა ვუთხრათ არჩილ ბერიძეს: ადამიანს, რომელიც კლუბში მაშინ მოვიდა, როცა დინამო უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ბათუმის დინამომ სანუკვარი ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდმა არაერთი ისტორიული გამარჯვება იზეიმა და მრავალი სიხარული აჩუქა როგორც ქალაქს, ისე გულშემატკივარს.

თუმცა დგება დრო, როდესაც საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება წასვლაზე: მაშინ, როცა კლუბის ინტერესები ამას მოითხოვს. არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით.

დროა ვიმოქმედოთ: სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან!

ასევე, მივმართავთ იმ ხალხს ვისაც შეგიძლიათ დინამოს გადარჩენა, გთხოვთ დროულ რეაგირებას, რადგან დრო ძალიან ცოტაა.

გმადლობთ, თქვენი პირატები", - წერენ დინამო ბათუმის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.

დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა და დამოუკიდებლობის შემდეგ ორჯერ საქართველოს ჩემპიონატი, ერთხელ თასი და ორჯერ სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები