Belive

მედია: ნაპოლის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

შესაძლებელია, მალე "ნაპოლის" 2023/24 წლების სეზონში მთავარი მწვრთნელი მეორედ შეეცვალოს და ამ პოზიციაზე  ახალი სახე ვიხილოთ.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს, შესაძლოა რუდი გარსიასა და ვალტერ მაცარის შემდეგ, ანტონიო კონტემ უხელმძღვანელოს. ამის შესახებ იტალიურ და ევროპულ მედიაში აქტიურად საუბრობენ.

ეს თემა აქტუალური მას შემდეგ უფრო გახდა, რაც ტურინის "იუვენტუსის", მილანის "ინტერის", ლონდონის "ჩელსისა" და "ტოტენჰემის", ასევე იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი "ტორინო" - "ნაპოლის" მატჩს (3:0) ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

ნეაპოლური Il Mattino-ს ინფორმაციით, იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ანტონიო კონტეს წინადადებით უკვე მიმართა. ამავე დროს, ნეაპოლელები მზად არიან იმისთვის, რომ იტალიელი სპეციალისტის ყველა მოთხოვნა შეასრულონ.

ასევე, ანტონიო კონტეს საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება საუდის არაბეთის ჩემპიონატიდან აქვს, მაგრამ როგორც ირკვევა, მისი ამოცანა სამშობლოში სამუშაოდ დაბრუნებაა.

სავარაუდოდ, სამწვრთნელო ცვლილება იანვრის დასრულებამდე მოხდება, ამ მომენტისთვის კი "ნაპოლი" სერია A-ში 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 28 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. შემდეგი შეხვედრა სამხრეთული დერბის ეგიდით, "სალერნიტანასთან" 13 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები