Belive

მარიამ მურღვლიანი: ვიმედოვნებ, 2028 წელს ოლიმპიურ ჩემპიონობას ვიზეიმებ

4 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ჩვენი რუბრიკის მორიგი რესპონდენტი 16 წლის მარიამ მურღვლიანია, რომელმაც 20-წლამდელთა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო. მან ატაცში აკვრასა და ორჭიდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და კვარცხლბეკზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

მარიამი ძალოსნობით დაინტერესების, პირველი წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.

თავდაპირველად, 10 წლის ასაკში, შემთხვევით მოვხვდი სპორტდარბაზში. რეალურად არ მქონდა ჩაფიქრებული, სპორტის რომელიმე სახეობით დაინტერესება, თუმცა, მაშინ როცა ჩემმა ამჟამინდელმა მწვრთნელმა მკითხა, მინდოდა თუ არა მეცადა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. მას შემდეგ მივყვები სპორტის ამ სახეობას.

პირველ ეტაპზე, არაფერი ვიცოდი. ვარჯიშის დაწყების პარალელურად დავიწყე გარკვევა, შესწავლა და რამდენიმე შეჯიბრზე გასვლის შემდეგ, უკვე აქტიურად შეყვარება. დავინტერესდი ქალები რამდენად იყვნენ ზოგადად ძალოსნობაში ჩართულები და გამოვარკვიე, რომ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი წარმატებული ძალოსანი ქალია, მათ შორის ყველაზე მეტად ლიდია ვალეტი მომეწონა, სწორედ ის გახდა ჩემი ინსპირაცია.

თანამედროვე ძალოსნებიდან, არ შემიძლია რომ საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე არ დავასახელო, მას არამხოლოდ მე, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს.

ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც ამ სპორტში ვაწყდებით არის ტრამვები. დამწყებ სპორტსმენებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ. ამისთვის საჭიროა, სისტემატური მასაჟები, გაწელვები და მეტი დასვენება.

რამდენიმე თვის წინ, გავხდი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში. იმის გათვალისწინებით, რომ მაწუხებდა წელი და საკმაოდ რთული მოსამზადებელი ეტაპის გავლა მომიწია, მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება. ძალიან ბედნიერი ვიყავი და ამაყიც ამასთანავე, რადგან ჩემი ბრძოლისუნარიანობითა და მონდომებით შევძელი ამ გამარჯვების მოპოვება.

ამ ეტაპამდე, ევროპის ჩემპიონობის მიუხედავად, მიმაჩნია რომ კარიერულად ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონობაა.

ვგეგმავ, ორ თვეში დიდების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას. მთავარი კი, 2028 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და ოლიმპიადის მოგებაა.

სხვა სტატიები