Belive

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: "სავსე სტადიონი ჩვენთვის არა წნეხი, არამედ მოტივაცია იქნება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"დაველოდოთ მატჩისწინა ვარჯიშს. მხოლოდ ამის შემდეგ მეცოდინება, თუ როგორ ფორმაში არიან ჩვენი გუნდის ფეხბურთელები.

რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მოტივირებულები ვართ, მაგრამ მთავარია, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ.

გუნდში კარგი განწყობაა. ყველა საკმაოდ მშვიდად არის და თავდაჯერებული ხვდება მოახლოებულ მატჩს.

ვფიქრობ, 55 ათასი გულშემატკივრის წინაშე თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის არა წნეხი, არამედ დიდი მოტივაცია იქნება. მათთვის ასეთ დიდ მატჩში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

გუნდის ძირითადი ბირთვი ჩემთვის უკვე ცნობილია, მაგრამ ვაპირებ მატჩისწინა ვარჯიშს დაველოდო და საფინალო გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღო.

არ მიმაჩნია, რომ გუნდისთვის რაღაც დამატებითი მოტივაციის მიცემაა საჭირო. არ მსურს, რომ ფეხბურთელების სამოტივირებლად რაღაც ახალი გამოვიგონო.

გუნდი რა თქმა უნდა, აცნობიერებს ამ მატჩის მნიშვნელობას, მაგრამ შევეცდებით, რომ დამატებითმა ფაქტორებმა ჩვენზე გავლენა არ იქონიოს და მოედანზე მშვიდად გავიდეთ.

ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ჩვენი მაყურებელი მზად იქნება, რომ ფინალში გასვლის ან ამხანაგური მატჩის შემთხვევაში მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.

ხვიჩა კვარაცხელია რომ ჩვენთან მატჩში ვერ ითამაშებს, ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს და ისინი შეეცდებიან, რომ წარმატებას ამ კონკრეტულ მატჩში მისი დახმარების გარეშე მიაღწიონ.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს მასპინძლის ფაქტორით უპირატესობა ექნება, მაგრამ გოლი არა ტრიბუნაზე მყოფ ადამიანებს, არამედ მაყურებლებს გააქვთ. ჩვენ ყოველწლიურად უფრო მეტი ქომაგი დაგვყვება და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ.

საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჩვენ არა 3 ან 4, სავარაუდოდ 5 მცველით ვითამაშებთ", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები