ლევან კუტალიამ ალაშკერტი დატოვა
ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან კუტალიამ ერევნის "ალაშკერტი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ჯერ სოციალურ ქსელში გაავრცელა, შემდეგ კი ჩვენთან საუბარში დაადასტურა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც სომხეთის ჩემპიონატის 2023/24 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო - 19 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.
34 წლის ფორვარდი გუნდში 2023 წლის ზაფხულში მივიდა და უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა, სადაც საგოლე პასის გაკეთება შეძლო.
ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა, 2019 წელს კი 20 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას "დინამო თბილისის", ქუთაისის "ტორპედოს", ქობულეთის "შუქურას", "ზუგდიდის", "ოდიშის", "მარტვილის "მერანის", "ზესტაფონის", ბოსნიური "ჟრინსკისა" და "სლავიას", ყაზახური "ირტიშის", ისრაელური "ჰაპოელ თელ-ავივის", "უმ ალ-ფამის" და "ნეს ციონას" შემადგენლობაში უთამაშია.