Belive

"კვერნაძეს გუნდზე ისეთივე გავლენა უყალიბდება, როგორც კვარას ნაპოლიში ჰქონდა" - იტალიური მედია

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

tuttofrosinone საქართველოს ნაკრებისა და ფროზინონეს შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს და მასსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის პარალელს ავლებს.

"ერთი ეროვნება, ერთი პოზიცია და დრიბლინგისა და აჩქარებისკენ ბუნებრივი მიდრეკილება: გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენენ ორ ქართულ ისტორიას, რომლებმაც სრულიად სხვადასხვა დროს შეძლეს სერია A-ს გაოცება. იტალიის ჩემპიონატის პირველი დამპყრობელი კვარაცხელია იყო, ლუჩანო სპალეტის ნაპოლის აბსოლუტური გმირი სკუდეტოს მოპოვების სეზონში. დღეს კი ყურადღებას კვერნაძე იპყრობს მასიმილიანო ალვინის ფროზინონეს მაისურით. ორი ფეხბურთელი მსგავსი მახასიათებლებით, რა თქმა უნდა, სათანადო შედარებებით, მაგრამ გუნდებში, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებული მიზნებისთვის არიან აშენებული.

კვერნაძემ ეს სეზონი ბრწყინვალე ფიზიკური კონდიციით და რაც მთავარია, თამაშზე გავლენის მოხდენის დიდი სურვილით დაიწყო. პირველი ოთხი ტურის შემდეგ, ფროზინონეს ნომერ 17-ს უკვე აქვს გატანილი ორი გოლი და შესრულებული ერთი საგოლე გადაცემა. მნიშვნელოვანი სტატისტიკაა გარემარბისთვის, ვინც თამაშობს გუნდში, რომელიც ფურცელზე გადარჩენისთვის იბრძვის, თუმცა თამაშის ხარისხითა და მიღწეული შედეგებით გვაოცებს.

ქართველმა ასისტი ფიორენტინასთან მატჩში მიითვალა, რასაც მოჰყვა ვენეციისთან გამარჯვების მომტანი გოლი და ჯენოასთან უპირატესობის შემქმნელი შედეგიანი დარტყმა. მძიმე და წონიანი ეპიზოდები, რომლებმაც უძვირფასესი ქულების მოპოვებაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე, კვარაცხელიამ თავის საოცარ ნაპოლიტანურ სეზონში ძლიერად დაიწყო. პირველ ოთხ ტურში მან სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა: გოლი და საგოლე პასი დებიუტში ვერონასთან, შემდეგ კი დუბლი მომდევნო ტურში მონცასთან. ლურჯების 77-ე ნომერი მყისიერად იქცა იმ გუნდის ერთ-ერთ ვარსკვლავად, რომელიც შემდგომში ჩემპიონატს დაეუფლა. ოთხი ტურის შემდეგ, ფროზინონემ თავისი ქართველი ტალანტის ხელმძღვანელობით შვიდი ქულა მოაგროვა, მხოლოდ ერთით ნაკლები იმ რვაზე, რომელიც მაშინდელმა ნაპოლიმ მოიპოვა. ბუნებრივია, შედარება მხოლოდ მახასიათებლებსა და საწყის ეფექტზე უნდა შეჩერდეს, რადგან გუნდების ღირებულება და სეზონური მიზნები განსხვავებულია.

კვარაცხელია ნაპოლის 33-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი სკუდეტოსკენ გაუძღვა. ახლა კვერნაძე ოცნებობს, რომ ფროზინონესთვის არანაკლებ გადამწყვეტი გახდეს. მისია ჩემპიონატის მოგება არ არის, არამედ დარჩენისთვის ბრძოლაში ისეთი გამარჯვების მოპოვება, რომელსაც დიდი წარმატების გემო ექნება", - წერს tuttofrosinone.

გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-სა და თასზე ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები