Belive

"კვარას შემდეგ, კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში" - მიქაუტაძე ისევ ლაციოს დაუკავშირეს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ისევ იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ გრანდს, "ლაციოს" დაუკავშირეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აქტიური საუბარი 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიმდინარეობდა, ახლა კი ზამთრის მოახლოების პარალელურად, ისევ განახლდა.

"წინა სეზონის გასვლის შემდეგ, კვარაცხელიას მიერ MVP-ის სტატუსის მოპოვებამ, ქართველ ტალანტებს იტალიაში გზა გაუხსნა. ექსკლუზიურად, Laziochannel.it-ის სარედაქციო გუნდის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ვაცხადებთ, რომ "ლაციო" აიაქსის" ახალგაზრდა თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს აკვირდება.

მიქაუტაძის მიმართ "ლაციოს" ინტერესის შესახებ ჭორები ახალი არ არის, რადგან "ბიანკოჩელესტეს" ამ ტრანსფერის განხორციელება უკვე ზაფხულში სურდა, თუმცა "აიაქსის" მხრიდან შეთავაზებულმა სოლიდურმა თანხამ, 16-მა მილიონმა ევრომ "მეცის" ხელმძღვანელობას ნაბიჯი ნიდერლანდელების სასარგებლოდ გადაადგმევინა.

მიქაუტაძისთვის მიმდინარე სეზონმა მოლოდინი არ გაამართლა. როგორც ჩანს, ქართველი თავდამსხმელი, მხოლოდ ხუთი ჩატარებული მატჩით იმედგაცრუებულია. "აიაქსი" ამჟამად ერედივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იანვარში ტრანსფერის განხორციელება უფრო რეალური ხდება. თანაც, "ლაციოს" შეტევაში გაძლიერება სურს, მიქაუტაძეს კი როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, ისე ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია", - წერს Laziochannel.it-ი.

გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც "აიაქსმა" 16 მილიონ ევროდ განხორციელებული ტრანსფერის შედეგად, 2023 წლის ზაფხულში დაიმატა, ნიდერლანდურ გრანდში მხოლოდ ხუთ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა მიეცა.

სხვა სტატიები