Belive

კიმ მინ-ჯე: "ჩემი, კვარას და ოსიმენის ჯილდოების დანაწევრება მინდოდა"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" ყოფილმა და მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ცენტრალურმა მცველმა, კიმ მინ-ჯემ ნეაპოლურ კლუბში გატარებული ტრიუმფალური სეზონის შესახებ ისაუბრა და მიღწეულ წარმატებაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი წვლილიც გამოარჩია. კორეელმა ფეხბურთელმა აღნიშნა ისიც, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში "ნაპოლის" გულშემატკივრად დარჩება.

"რას ვფიქრობ ჩემს თანაგუნდლეებზე? მინდოდა, რომ ის ჯილდოები, რომელიც მე, კვარამ და ოსიმენმა მოვიგეთ, დამემსხვრია, რამდენიმე ნაწილად გამეყო და თანაგუნდელებისთვის გადამეცა. მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდით.

"ნაპოლის" ფანები მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არ დამავიწყდება. ისინი ყვიროდნენ: კიმ, კიმ, კიმ და ხალისს და ენერგიას მმატებდნენ.


ლუჩიანო სპალეტის ინგლისურად ვესაუბრე. ის კარგად საუბრობს ინგლისურად. ვხუმრობ, ის იტალიელია, ამიტომ სხეულის ენით, ჟესტიკულაციითა და გრძნობებით ვესაუბრებოდი. რატომ ავირჩიე ნეაპოლში ჩასვლა? სპალეტიმ ინტერვიუ მისცა მედიას და ყველას გასაგონად თქვა: "კიმი უნდა დავიმატოთ, ის ჩემპიონთა ლიგის დონეზე  სათამაშოდ მზადაა". ამაზე დიდი სიყვარულის გამომხატველი სიტყვები შეუძლებელია არსებობდეს. ამის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, რომ "ნაპოლი" ამერჩია.


ჯოვანი დი ლორენცოსგან ბევრი რამ ვისწავლე. ფეხბურთელი, რომელიც ჩემზე მეტს დარბოდა, კაპიტანი იყო. ის ყოველთვის ბევრს მუშაობს და საქმისადმი ყოველთვის ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. მისი გულმოდგინედ ყველა თამაშში დახარჯვისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის საერთოდ არ ისვენებდა და ისეთივე ინტენსიურობით იხარჯებოდა ვარჯიშის დროს, როგორც მატჩისას - გავიგე, რომ არ შემეძლო მეწუწუნა.


რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, არასდროს ვისურვებდი მის ხილვას მოწინააღმდეგე გუნდში. ის ყოველთვის ახერხებს მცველებთან ზედმეტად ახლოს ყოფნას, შორსაც რომ იყოს მაინც შეუძლია მივიდეს და ისინი შეავიწროვოს, ჩვეულებრივ კი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში, ეს ყველაფერი პირიქით ხდება", - თქვა სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა.

26 წლის ფეხბურთელმა "ნაპოლიში" ჩატარებულ ერთ სეზონში 45 მატჩში 2 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. ის იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა.

სხვა სტატიები