Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ოცნებების და მიზნებისკენ სვლა არ უნდა შეწყვიტო, დანარჩენი დროის საკითხია"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ"-ს" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში კარიერის ახალი ეტაპის შესახებ საუბრობს.

"ყველას მოეხსენება, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია და ბედნიერი ვარ, რომ აქ ცხოვრება მომიწია. გულშემატკივრებისგან საწყისი წუთებიდანვე ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, მოედანზე გასვლისას ძალიან დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი. ამ გუნდში ისე გექცევიან, რომ თავს დიდ ფეხბურთელად გაგრძნობინებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ემოციურია "ასტონ ვილასთან" ასეთი ლამაზი გოლის გატანა.

პსჟ-ს ძალიან მაღალი დონის შემტევები ჰყავს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გუნდია.

რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას ძალიან გვინდა. აქამდე მოსვლაც ძალიან ძნელი ამბავი გახლდათ, რადგან სახელიც გვეუბნება, რომ ამ ტურნირზე ჩემპიონები თამაშობენ.

მთავარია, რომ შენი ოცნებებისაკენ სწრაფვა გააგრძელო და არასდროს არ გაჩერდე, დანარჩენი უკვე დროის საკითხია", - ამბობს 24 წლის ქართველი ვარსკვლავი.

ქართველი ფეხბურთელის გადასვლის შემდეგ, "პსჟ-მ" ტიტული უკვე მოიგო, მათ ლიგა 1-ის ჩემპიონობა ზედიზედ მეოთხედ და ისტორიაში მეცამეტედ იზეიმეს, ასევე, თასის ფინალში არიან გასულები და "რეიმსთან" წარმატების შემთხვევაში ტურნირს მეთექვსმეტედ მოიგებენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალში არიან და "არსენალთან" ორმატჩიანი დუელი ელით.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ გასასვლელი ორი მატჩიდან საწყისს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 29 აპრილს, ლონდონში, "ემირეითს სთედიუმზე" ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისა" და "პსჟ-ს" შემადგენლობაში ამ სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში ასევე 8 საგოლე პასია.

სხვა სტატიები