Belive

იური ტაბატაძე: "საკუთარი შესაძლებლობების რწმენით და სწორი მუშაობით ყველაფერი შესაძლებელია"

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების დებიუტანტი, იური ტაბატაძე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, ესპანეთთან მატჩის წინ საუბრობს.

"ნაკრებში გამოძახებით ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ.

გუნდში მშვენიერი გარემო დამხვდა. ასაკობრივი ნაკრებებიდან მოყოლებული, ახალგაზრდა ფეხბურთელების უმრავლესობას ძალიან კარგად ვიცნობ. უფროსი ასაკის ფეხბურთელებთან საერთო ენა მშვენივრად გამოვნახე. მათგან მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნობ. იმედი მაქვს, გასული თვეების შედეგების გამოსწორებას შევძლებთ.

2025 წელი ჩემთვის განსაკუთრებული გამოდგა. წელი იბერია 1999-სთან ერთად დავიწყე, ბომბარდირი გახლდით და გუნდი საწყის პოზიციას იკავებდა. კადისშიც ყველაფერი კარგად დაიწყო და ახლა უკვე ნაკრებში შანსიც მივიღე. 2 წლის წინ, როცა ევროპაში სადებიუტოდ წავედი (ზლატე-მორავცე ვრაბლეში), კარგი პერიოდი არ მქონდა. დაბრუნების შემდეგ, შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ ევროპული ფეხბურთის მოთხოვნებს არ ვაკმაყოფილებდი, მაგრამ დავბრუნდი, გავაანალიზე ჩემი შეცდომები, დავიწყე მუშაობა და კადისში გადასვლაც შევძელი. სწორი მუშაობით და საკუთარი ძალების რწმენით, ყველაფერი შესაძლებელია.

ერთმანეთის სიყვარულით, შრომით და თავდადებით ყველაფერი შესაძლებელია. მჯერა, რომ ამ ნაკრებს ქვეყნის კიდევ ბევრჯერ გახარება შეუძლია. ბიჭებმა ამ შეკრების დროს ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ამ ორ მატჩში შევეცდებით, გულშემატკივრის მიერ ნაჩვენები სიყვარულისთვის ვითამაშოთ", - ამბობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 15 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა უმასპინძლოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები