Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი - ღვინიაშვილი, სარდალაშვილი და სულამანიძე დაწინაურდნენ

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ზაგრების გრან პრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ) მსოფლიო რეიტინგი განაახლა. მსოფლიო რეიტინგში ყველა ის ქართველი სპორტსმენი დაწინაურდა, რომელმაც ზაგრების გრან პრიზე წარმატებას მიაღწია. რეიტინგში წინსვლა  მხოლოდ ტატო გრიგალაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს არ აქვთ. ტატო გრიგალაშვილი 6492 ქულით კვლავ საკუთარი წონის (-81 კგ) ლიდერად რჩება, ეთერ ლიპარტელიანი კი -57 კგ წონით კატეგორიაში მეოთხე ადგილს 4318 ქულით იკავებს.

-60 კგ


-60 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო რეიტინგში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსის წარმატების გამო, მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა თემურ ნოზაძე, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერია. ზაგრების გრან პრიზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო რეიტინგში 6 საფეხურით პროგრესირდა და 26-ე პოზიციიდან მე-20 ადგილზე გადაინაცვლა. 19 წლის ქართველი ფალავნის ანგარიშზე 1786 სარეიტინგო ქულაა.

-90 კგ


ზაგრების გრან პრიზე მოპოვებული ოქროს მედლით, ბექა ღვინიაშვილს მსოფლიო რეიტინგში 700 ქულა მოემატა და 1 პოზიციით დაწინაურდა. ახლა იგი -90 კგ წონითი კატეგორიის მეოთხე ნომერია. ბექას ანგარიშზე 4195 სარეიტინგო ქულაა და სულ რაღაც 26 ქულა აშორებს მესამე ადგილოსან, უნგრელ - კრისტიან ტოტთან. -90 კგ წონით კატეგორიაში მეექვსე და მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ: ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. ბექაურის ანგარიშზე 3500 სარეიტინგო ქულაა, მაისურაძე კი 3150 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

-100 კგ


ილია სულამანიძე ზაგრების გრან პრის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალში გასვლით ილიამ 490 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. სულამანიძე 3422 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერია. ერთი პოზიციით დაქვეითდნენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე. ვარლამი 3319 ქულით მსოფლიო რეიტინგის მერვე პოზიციას იკავებს, სანებლიძე კი 3310 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

+78 კგ


ზაგრების გრან პრიზე, +78 კგ წონით კატეგორიაში მეხუთე ადგილი დაიკავა სოფიო სომხიშვილმა. სომხიშვილმა მეხუთე ადგილზე გასვლით მსოფლიო რეიტინგში +252 ქულა ჩაიწერა და 6 პოზიციით დაწინაურდა. ახლა 22 წლის ქართველი ძიუდოისტი, საკუთარი წონის 30-ე ნომერია და მის ანგარიშზე 1001 სარეიტინგო ქულაა.
 

სხვა სტატიები