Belive

IJF-მ რეიტინგი განაახლა: ბექაური გალიდერდა - მარგველაშვილი და ლიპარტელიანი დაწინაურდნენ

2 კვირის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე ქართველი რეიტინგში დაწინაურდა, ლაშა ბექაური კი წონის ლიდერი გახდა.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა - ვაჟა მარგველაშვილმა. ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში 700 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა და 6 პოზიციით დაწინაურდა. ახლა ვაჟა მსოფლიოს მე-4 ნომერია და მის ანგარიშზე 4460 სარეიტინგო ქულაა.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც ავტომატურად მსოფლიოს რეიგინგში 350 ქულა დაიმატა და მისი პოზიცია უცვლელია - ლეგენდარული შავი მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომრად რჩება და მის ანგარიშზე 4652 სარეიტინგო ქულაა.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში, 24 წლის ასაკში მესამე კონტინენტური პირველობა მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილმა.

ტატომ მოპოვებული ოქროს მედლით მსოფლიო რეიტინგში 700 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიოს მეორე ნომერი განიმტკიცა. მის ანგარიშზე 7015 სარეიტინგო ქულაა, ხოლო პირველ პოზიციაზე მატიას კასე იმყოფება, რომელსაც 8392 ქულა აქვს.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ლაშა ბექაურმა.

ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ლაშა ბექაურმა მსოფლიო რეიტინგში 350 ქულა დაიმატა და 90 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი გახდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა ბექაურმა ლუკა მაისურაძეს წაართვა, რომელიც დისკვალიფიცირებულია და ტატამზე 2024 წლის ბოლოს დაბრუნდება.

ლაშა ბექაურის ანგარიშზე 6345 სარეიტინგო ქულაა.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა - ილია სულამანიძემ.

მოპოვებული ვერცხლის მედლით, ილია სულამანიძემ მსოფლიო რეიგინგში 490 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. მის ანგარიშზე 6955 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანელ სპორტსმენს 1,183 სარეიტინგო ქულით უსწრებს.

+100 კგ

მძიმე წონით კატეგორიაში, ასევე ვერცხლის მედალს დასჯერდა - გურამ თუშიშვილი, მანაც სულამანიძის მსგავსად 490 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მე-8 პოზიციაზე დარჩა. გურამ თუშიშვილის ანგარიშზე 4368 სარეიტინგო ქულაა.

57 კგ

ევროპის ჩემპიონატზე კარიერული მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ეთერ ლიპარტელიანმა.

მან მოპოვებული ბრინჯაოს მედლით 350 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა. ეთერ ლიპარტელიანი ახლა მსოფლიოს მეექვსე ნომერია და მის ანგარიშზე 4767 სარეიტინგო ქულაა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია. საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე, 7 მოპოვებული მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო).

სხვა სტატიები