Belive

იერუსალიმის მასტერსი: დღე II - საქმეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ერთვებიან | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

20 დეკემბერს, მიმდინარე წლის ბოლო შეჯიბრმა - იერუსალიმის მასტერსმა აიღო სტარტი, რომელიც 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დროშის ქვეშ: გიორგი სარდალაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა იჭიდავეს, თუმცა მედლის მოპოვება მხოლოდ გიორგი სარდალაშვილმა შეძლო, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, -60 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი - იანგ ვეი იანგი დაამარცხა.

იერუსალიმის მასტერსის მეორე საშეჯიბრო დღეს კი ტატამზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩეპიონები გამოვლენ. საქართველოს ნაკრების სახელით ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ.


-73 კგ


-73 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ორივე ქართველი A ბადეში მოხვდა და დიდი შანსია, რომ ერთმანეთს მალევე შევხვდნენ.

ლაშა შავდათუაშვილი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ბრაზილიელ - დანიელ კარნინსა და შვეიცარიელ - ნილს სტამპს შორის გამარჯვებული იქნება.

ხოლო რაც შეეხება გიორგი ტერაშვილს, 19 წლის ქართველი A ბადეში განუთესავია, ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება და მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელი - იდო ლევინი იქნება. იმ შემთხვევაში თუ ტერაშვილი შემდეგ ეტაპზე გავა, მას, უზბეკ - ხიკმატილოხ ტურაევსა და ყაზახ - დანიიარ შამშაიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იმ შემთხვევაში თუ ორივე ქართველი 1/4-ფინალამდე წარმატებულად იასპარეზებს, 1/4-ფინალში სწორედ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ.


-81 კგ


-81 კგ წონით კატეგორიაში, 2022 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

ტატო გრიგალაშვილი A ბადეში განთესილი იქნება, ასპარეზობაში კი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, მაროკოელ - აჩრაფ მოუტისა და უნგელ - ატილა უნგვარს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტატოს საკმაოდ რთული ბადე აქვს, მას ბადეში ჰყავს არაერთი ცნობილი და ძლიერი ძიუდოისტი: ზელიმ ტცკაევი (აზერბაიჯანი), ფრენკ დე ვიტი (ნიდერლანდელი).

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იერუსალიმის გრანდ სლემის ფინალამდე ტატო გრიგალაშვილისა და ბელგიელი - მატიას კასეს დაპირისპირება არ შედგება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები