Belive

იერუსალიმის მასტერსი: დღე I - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ხვალ, 20 დეკემბერს, ძიუდოს 2022 წლის ბოლო შეჯიბრი გაიმართება, რომელსაც ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი უმასპინძლებს.

იერუსალიმის მასტერსი 20 დეკემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება. წლის ბოლო შემაჯამებელ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით არის წარდგენილი, საიდანაც 12 მამაკაცია, ხოლო 2 ქალი.

იერუსალიმის მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცებში -60 და -66 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, ხოლო ქალებიდან -48, -52 და -57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება მედლები.


-60 კგ


-60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალაშვილი დაიცავს.

გიორგი სარდალაშვილი D ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, უზბეკ - დილშობეკ ბარათანოვსა და ჩეხ - დავიდ პულკრაბეკს შორის გამარჯვებული იქნება.

1/4-ფინალში გასვლის შემთხევაში კი, დიდი ალბათობით სარდალაშვილის მეტოქე, ბელგიელი - იორე ვერსტაერენი იქნება.


-66 კგ


-66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ, ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ლიდერი - ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

ვაჟა განთესილი არ იქნება, შესაბამისად D ბადეში ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე მისი მეტოქე, ფრანგი - მაქსიმ გობერი იქნება. ფრანგული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი პერუელ - ჟუან პოსტიგოსა და უზბეკ - სარდორ ნურილაევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ვაჟა ამ ბადის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, შესაბამისად იმის შანსი დიდია, რომ მან მინიმუმ ნახევარფინალი მაინც იჭიდავოს.


-57 კგ


-57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთერს ძალიან რთული ბადე შეხვდა.

ლიპარტელიანი D ბადეში განთესილია, ასპარეზობაშიც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე იაპონელი - ცუკასა იოშიდა იქნება. იაპონელის დამარცხების შემთხვევაში კი კანადელ მსოფლიო ჩემპიონ - კრისტიან დეგუჩის შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები