Belive

გვჯერა | გიორგი ჩაკვეტაძის პორტრეტი

1 თვის წინ ქართული სპორტი
8 წთ

2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.

ჩვენს რუბრიკაში შემდეგი ფეხბურთელი პოზიციით ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ერთა ლიგის ტურნირის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეკორდი აქვს.

სახელი და გვარი: გიორგი ჩაკვეტაძე

ასაკი: 24 წლის

სიმაღლე: 183 სმ

წონა: 78 კგ

კარიერა: "დინამო თბილისი" - "გენტი" - "ჰამბურგი" - "სლოვან ბრატისლავა" - "უოტფორდი"

მატჩი ეროვნულ ნაკრებში: 22

გოლი: 8

საგოლე პასი: 8

საკლუბო კარიერის დასაწყისი - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე პოზიციით შემტევი ნახევარმცველია, მას ასევე ხშირად უთამაშია მარცხენა ფლანგის შემტევად. მისი კარიერა ადრეული წლებიდან "ნორჩ დინამოელში" დაიწყო, სადაც 3 წელი თამაშობდა, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ფეხბურთელის ასპარეზობა "დინამო თბილისის" აკადემიაში გაგრძელდა, რასაც პროფესიონალურ ფეხბურთში თამაშიც მოჰყვა. 2015 წელს 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წლის 18 ნოემბერს თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჰქონდა, ის მოედანზე ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად შევიდა. სულ "დინამო თბილისის" შემადგენლობაში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. გუნდისთვის ჩაკვე მალევე გახდა მნიშვნელოვანი და საკვანძო ფეხბურთელი, მისი კარგი თამაში ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა. ის 2017 წლის სეზონის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. იმავე წელს კი ბელგიას კონკრეტულად კი "გენტს" მიაშურა.

გიორგი ჩაკვეტაძე "დინამო თბილისის" შემადგენლობაში

გარდამტეხი საფეხბურთო კარიერა "გენტში"!

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 2017 წლის ზაფხულში 750 000 ევროს შეადგენდა, "გენტმა" კი ქართველ ფეხბურთელში სოლიდური თანხა - 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა და მან კარიერა ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელა. გიორგის სატრანსფერო ღირებულება 1 წლის შემდეგ სწორედ ბელგიაში ასპარეზობის პერიოდში, 3 მილიონ ევროს გაუტოლდა, მაგრამ ფასი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. იმავე წელს ფეხბურთელმა კარიერაში სატრანსფერო ღირებულების პიკი, 9 მილიონი ევრო დააფიქსირა. ამ ნიშნულს 19 წლის ასაკში მიაღწია და ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ ჩაკვე უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად ითვლებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა ქომაგს, მისი საოცარი შეხვედრები სანაკრებო კარიერაშიც უხვად გვახსოვს, ამაზე ცოტა მერე ვისაუბროთ, ახლა კი ისევ "გენტს" დავუბრუნდეთ. აღმასვლას მცირე დაღმასვლაც მოჰყვა და ქართველი ფეხბურთელის კარიერაში თავი ტრავმებმა იჩინა. ის ბელგიური გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, მაგრამ ასპარეზობა ისე არ განვითარდა, როგორც მისი და ყველა ქართველის ოცნება იყო. მან "გენტში" 5 წელი გაატარა, 81 შეხვედრა ჩაატარა, 8-ჯერ გოლის გატანა მოახერხა და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2018 წელს ბელგიელმა გულშემატიკივრებმა ხმები დააფიქსირეს, სადაც გამოავლინეს შვიდი ახალგაზრდა გამორჩეული მოთამაშე, მათ რიგებში კი ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა. მომავალ წელს ის უეფამ დაასახელა 21-წლამდელთა შორის 2019 წლის 50 პერსპექტიულ მოთამაშეთა რიგებში. ასევე 2018/19 წლების სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ბელგიის უმაღლესი დივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ბელგიური კარიერის მიწურულს ჩაკვემ ერთი ტიტულის მოგება მოახერხა, ეს 2022 წელს ბელგიის თასი იყო.

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" შემადგენლობაში

ჩამქრალი ტალანტის დაბრუნების ძიებაში

იჯარის პირველი ეტაპი გერმანიაში დაიწყო, ეს იყო "ჰამბურგში". 2022 წლის ზამთარში ქართველი ფეხბურთელი მეორე ბუნდესლიგაში წავიდა. კარიერა მცირე ხნით, ნახევარი სეზონი გაგრძელდა, ამ ხნის განმავლობაში მან 12 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემდეგ ერთი სეზონი იყო ბრატისლავის "სლოვანში", სლოვაკურ კლუბში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა შეჯიბრის 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამ ხნის განმავლობაში მან 1 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა და 2022/23 წლების სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. იჯარის ბოლო ეტაპი "უოტფორდია", სადაც ამ დრომდე ასპარეზობს.

გიორგი ჩაკვეტაძე - "ჰამბურგში" / "სლოვანში"

მთავარი შანსი - "უოტფორდმა" ქართველი ფეხბურთელი გამოისყიდა

გიორგი ჩაკვეტაძე ჩვეულ რიტმში ბრუნდება და ამას ყველა ფეხბურთის ქომაგი ატყობს, ინგლისურ კლუბში ქართველი ფეხბურთელი ნელ-ნელა იმ სიმაღლეზე ადის, რასაც ყველა მიჩვეული ვართ. "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩაკვე მათთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს და მისი თამაში მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რადგან მოედნის კარგად ხედვასთან ერთად, მას ბევრი სხვა პლუსი აქვს, რომელიც გუნდისთვის სარგებლის მომტანია. მოკლედ, "უოტფორდმა" გიორგი ჩაკვეტაძე "გენტიდან" 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.

ინგლისურ კლუბში ყოფნის პერიოდში ჩაკვემ 30-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი, 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ეს სტატისტიკა უბრალოდ ციფრებია, ამას გარდა ფეხბურთელს თითოეულ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება აქვს ხოლმე. "უოტფორდმა" მას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა.

გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდში"

ისტორია უნდა დაგვირგვინდეს!

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების მოქმედი, სტაბილური და ერთ-ერთი საიმედო ფეხბურთელია. სანამ ეროვნულ ნაკრებზე გადავალთ განვლილ გზას და ასაკობრივებს გადავავლოთ თვალი. ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 17 წლამდელთა ნაკრებში შედგა და მან 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა, შემდეგ იყო U18 და მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს 19 წლამდელებში 14 მატჩი ითამაშა და 1 გოლიც მიითვალა, ასაკობრივებს 21 წლამდელებით ამთავრებს და 3 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ კი იწყება ყველა ფეხბურთელის საოცნებო რამ, რასაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ჰქვია.

ქართველმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მაისური პირველად ლიეტუვას წინააღმდეგ 2018 წელს ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო, 18 წლის ასაკში. სადებიუტო შეხვედრაში ჩაკვე ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ის შეხვედრა 4:0 მოიგო.

გიორგი ჩაკვეტაძე ლიეტუვას წინააღმდეგ

მას შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ ეროვნულ ნაკრებში 22 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის სათადარიგოდან თამაშში მხოლოდ 5-ჯერ ჩაერთო. მას შეუძლია თამაში, როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე ნახევარდაცვასა და მარცხენა ფლანგის შემტევად. მისი უპირატესობა პოზიციურად შემტევ ნახევარმცველად თამაშია. 2018 წელს გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ეროვნული ნაკრების ისტორიაში, გიორგი ჩაკვეტაძემ თავი მნიშვნელოვანი ფაქტით გამოიჩინა, კერძოდ, 2018 წლის 6 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის ისტორიაში პირველი ქართული გოლი ყაზახეთის წინააღმდეგ გაიტანა.

გიორგი ჩაკვეტაძე ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებს აუცილებლად სჭირდება და დაეხმარება. მისთვის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა, როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ასევე ქომაგისთვის საოცნებო და სანატრელია.

ჩვენ გვჯერა!

გიორგი ჩაკვეტაძე ყაზახეთის წინააღმდეგ

სხვა სტატიები