IJF: "გიგაურმა მსოფლიო ჩემპიონობა განსაცვიფრებელი იპონით იზეიმა"
პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველივე საშეჯიბრო დღეს, 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, თორნიკე გიგაურმა, ოქროს მედალი მოიპოვა.
როგორც თავად IJF-ის საიტზე ვკითხულობთ, 66 კგ წონითი კატეგორია 3 მთავარი პრინციპით გამოირჩა: ინტენსივობა, არაპროგნოზირებადობა და გაბედულება. თორნიკე გიგაურს არცერთი მათგანი აკლდა და დამსახურებული ჩემპიონობაც იზეიმა.
ქართველის მსოფლიო ჩემპიონობას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური საიტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 19 წლის ქართველმა გამარჯვება განსაცვიფრებელი იპონით მოიპოვა.
"პერუში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო - პატარა ბიჭებმა და გოგოებმა ტატამიზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.
ერთ-ერთი გამორჩეული და განსაცვიფრებელი გამარჯვება იზეიმა თორნიკე გიგაურმა, რომელმაც ფინალში აბდულახ პარჩიევთან (IJF) ქულების ჩამორჩენა შეცვალა და სანახაობრივი იპონი შეასრულა..." - ვკითხულობთ IJF-ს საიტზე.
ქართველმა პირველი წრე გამოტოვა და მეორე წრეში ყაზახი, აკილჟან ჟუბატკანოვი დაამარცხა. მერვედფინალიდან გიგაურმა ლიეტუველი, სიმას პოლიკევიჩუსი გააგდო. რეიტინგის პირველი ნომერი, დილშოდბეკ ამროიევი და გიგაური მეოთხედფინალში გადაიკვეთნენ, სადაც ქართველმა უზბეკს გოლდენ სქორში აღებული იუკოთი აჯობა. ნახევარფინალი აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვთან იპონით მოიგო, ხოლო ფინალში, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულა პარჩიევსაც იპონით გაუსწორდა, თანაც ისე, რომ შეხვედრის დამთვარებამდე 1 წუთით ადრე, ვაზარით აგებდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე 81 კგ წონით კატეგორიაში - სანდრო ახლოურს ვიხილავთ.