გურამ კაშია: "თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გვსურს, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თურქეთთან მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე საუბრობს.
"სანაკრებო შეკრებისას, დროში ყოველთვის შეზღუდულები ვართ, მაგრამ ვფიქრობ, გუშინდელი ვარჯიში, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ტაქტიკურ დეტალებზე ვიმუშავეთ. ფეხბურთელებს თავდაჯერება გვმართებს.
ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩი მახსოვს. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და იმ შეხვედრაში 3 გოლის გაშვებას არ ვიმსახურებდით. ახლა საშინაო კედლებში ვთამაშობთ და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ქულების მოპოვებას შევეცდებით.
ოთარ კიტეიშვილის და გიორგი ჩაკვეტაძის გამოკლება ამ შეკრების დროს პრობლემაა, ვიცით, როგორ ვთამაშობთ კიტესთან ერთად და მის გარეშე, ორი განსხვავებული გუნდი ვართ. იმედი მაქვს, ეს დანაკლისი შედეგზე არ აისახება.
ის ჯგუფი, რომელშიც მოვხვდით, რეალურად უნდა შევაფასოთ და ვიცით, როგორი მეტოქეები გვყავს. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, მე პირადად, კარიერის განმავლობაში 7-8 მატჩი მაქვს ჩატარებული. რაც შეეხება თურქეთსა და ბულგარეთს, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა გვსურს, ამ მეტოქეებთან უნდა გავიმარჯვოთ. რეალურად, ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსი თურქეთთან გამარჯვების მოპოვებაა და მე ამის მჯერა.
ჩემი მოწოდება ის იქნება, რომ გვიგულშემატკივრონ ისე, როგორც აქამდე გვგულშემატკივრობდნენ, განსაკუთრებით ქომაგებმა, რომლებიც შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან", - გურამ კაშია.
საქართველოს ნაკრები თურქეთს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 4 სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.