Belive

გიორგი შაშიაშვილი: "საქართველოს ნაკრები და ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას იმსახურებს"

1 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ერთი ნაბიჯი აშორებს. საამისოდ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საბერძნეთთან გამარჯვებაა საჭირო.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელს და ამჟამად მწვრთნელს, გიორგი შაშიაშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც ბერძნულ ფეხბურთთან შეხება ჰქონია და 2009-12 წლებში „ერგოტელისში“ თამაშობდა.

საქართველოს ნაკრების თამაშს ლუქსემბურგთან როგორ შეაფასებთ?

ლუქსემბურგთან საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამართული და ორგანიზებული ფეხბურთი აჩვენა. პირველივე წუთებიდან, მატჩის სადავეები საკუთარ ხელში აიღო და აქტიური შეტევებით საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ბერძნულ ფეხბურთს კარგად იცნობთ და როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია მათი ნაკრები ამჟამად?

საბერძნეთის ჩემპიონატში საკმაოდ დიდი დრო გავატარე და არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ შიდა ტურნირის დონე და ხარისხი ჩვენსას აღემატება. ძირითადად, ეს მაღალი დონის ლეგიონერების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ფეხბურთელების წვლილიც დიდია, მაგრამ ძირითად აქცენტს, ხარისხიან უცხოელ მოთამაშეებზე აკეთებენ.

სანაკრებო დონეზე ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია საბერძნეთი. რა თქმა უნდა, ვილი სანიოლს მათი თამაში უკვე ყველანაირად გაშიფრული ექნება.

როგორ თამაშს ელოდებით საბერძნეთის ნაკრებთან და რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ამ შეხვედრაში?

ჩვენ გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, ფეხბურთელი, რომელსაც მატჩებში გადამწყვეტი როლის თამაში და ინდივიდუალურად თამაშის მოგება შეუძლია. მათ ამ დონის ფეხბურთელი არ ჰყავთ და ეს ჩვენ უპირატესობას გვანიჭებს.

გარდა ხვიჩა კვარაცხელიასი, ბრწყინვალე ფორმაშია ბუდუ ზივზივაძე, რაც მან ამ ორი გოლის გატანით დაადასტურა. გვყავს გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე და სხვა ფეხბურთელები, ასე რომ, წინა ხაზში საკმაოდ მაღალი დონე გვაქვს.

ვფიქრობ, ამ მატჩში ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება. ჯერ ერთი, ამ დონის მატჩის თამაშის გამოცდილება ერთხელ უკვე მივიღეთ, მაგრამ მაშინ ტრიბუნები ცარიელი იყო, ახლა კი სავსე „დინამო არენაზე“, გამარჯვებულის განწყობით და მხურვალე ქომაგობით ვითამაშებთ.

ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ქართულმა ფეხბურთმა რეალურ წარმატებას მიაღწიოს და მჯერა, ჩვენი ნაკრები მზად არის იმისთვის. ერთა ლიგის შექმნა, არის ახალი შესაძლებლობა და მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს ყველა რგოლში აქვს საიმისო რესურსი, რომ ეს შანსი უკვე რეალობად აქციოს.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ეს თაობა უკვე ერთად თამაშობს და საქართველოს ნაკრები საკმაოდ შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდა. ეს არ არის ახალი თაობის ინტეგრაციის პერიოდი და ამ მხრივ ჩვენ სისუსტე არ გვექნება.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს ხომ არ ელოდებით?

ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნება შემადგენლობაში ცვლილებას ნამდვილად გამოიწვევს. ვფიქრობ, ბუდუ ზივზივაძემ ამ დუბლის შემდეგ, სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაიმსახურა. ფსიქოლოგიურად ის კარგ განწყობაზეა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამავე დროს, თუ გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იქნება, მწვრთნელისთვის ეს კარგი არჩევანი იქნება, რომ საჭირო დროს შეტევის გაძლიერების მიზნით მოედანზე შეიყვანოს.

არ მგონია, რომ დაცვის სამეულს ცვლილებები შეეხოს. მათ, გარდა ერთი შეცდომისა, რომლიდანაც გოლი გავუშვით და შემდეგ, წესების დაცვით გაუქმდა, თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს.

ვილი სანიოლი და გუსტავო პოიეტი ორი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი და განსხვავებული საფეხბურთო გემოვნების მწვრთნელია. ურუგვაელმა გასულ ოთხ მატჩში ოთხი სხვადასხვა სათამაშო სისტემა გამოიყენა, ხოლო ჩვენი მწვრთნელი უფრო მეტად სამმცველიან ტაქტიკაზეა ჩამოყალიბებული. როგორი იქნება მათი ტაქტიკური ჭიდილი?

ნამდვილად, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ცვლილებებს ხშირად მიმართავს და ეს გასულ მატჩებშიც გამოჩნდა. გუსტავო პოიეტმა გასულ მატჩებში 3-4-3, 4-3-3 და 4-4-2 სათამაშო სისტემები სცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლავირების საშუალება აქვს და თამაშის დროს ტაქტიკური ცვლილებებიც არ უნდა გაგვიკვირდეს. ასეთი რამ გახსოვთ, რომ ვილი სანიოლსაც რამდენჯერმე გაუკეთებია, მაგრამ უმეტესად, ამ სამმცველიან ტაქტიკას ენდობა: 5-3-2 დაცვაში და 3-4-3 შეტევაში. მეთოდურად მიყვება ამ სათამაშო სისტემის განვითარებას და შემადგენლობასაც თუ დავაკვირდებით, სწორედ იმ პროფილის ფეხბურთელებს არჩევს, რომლებსაც ასეთ სათამაშო სქემასთან ადაპტირება ყველაზე უკეთ შეუძლიათ.

ვილი სანიოლი გერმანული ფეხბურთის მიმდევარია, სათამაშო დისციპლინას იცავს და არჩევს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ზონებიდან ზონებში სწრაფად გადასვლა შეუძლიათ.

ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა და რადგან ის დაბრუნდა, ეს შემთხვევითი არ იქნება, მწვრთნელს მასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა აქვს. მის შემთხვევაში, ასაკი მხოლოდ ციფრებია და მას საკუთარი გამოცდილების ხარჯზე, ნებისმიერ დროს მოედანზე გამოსვლა და პროდუქტიულობის მოტანა შეუძლია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი გავლენა ექნება საქართველოს ნაკრების და ზოგადად ქვეყნის მომავალზე ევროპის ჩემპიონატზე გასვლას?

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რომ ქართველებს ფეხბურთი ძალიან უყვართ. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მე მჯერა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლას იმსახურებს და საამისოდ, ქართველი ხალხი ყველაფერს გააკეთებს, როგორც ტრიბუნაზე, ისე ყველგან, სადაც ამ მატჩს აჩვენებენ, იქიდან მიაწვდენენ ხმას ფეხბურთელებს. ჩვენ ვართ საფეხბურთო ქვეყანა, ქართული ფეხბურთი ამ წარმატებას იმსახურებს და იმედია, სულ რამდენიმე დღეში, უდიდესი ზეიმი და აღნიშვნის დრო დადგება.

სხვა სტატიები