გიორგი ქოჩორაშვილი: "სპორტინგთან ადაპტაცია ძალიან სწრაფად გავიარე"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგში ტრანსფერის და საწყისი ვარჯიშების შემდეგ, გუნდის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.
"სიმართლე ისაა, რომ ადაპტაცია ძალიან მარტივია, რადგან კლუბში მომუშავე ყველა ადამიანი დამეხმარა. ჩემი თანაგუნდელები: საოცარია, მათთან ერთად გასახდელის გაზიარება. ისინი ყველაფერში მეხმარებიან, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც.
არ მაქვს განცდა, რომ აქ მხოლოდ ორი კვირაა ვარ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ორი ან სამი წელია ლისაბონის სპორტინგში ვთამაშობ. ამიტომ, თავს სრულიად ინტეგრირებულად ვგრძნობ.
მინდა ჩემპიონატის მოგება. ჩემპიონობა არის მიზეზი, რის გამოც აქ მოვედი და ამ მიზანს გუნდშიც ფესვები აქვს გადგმული.
მსურს გუნდს დავეხმარო, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის გერბია, რომელსაც მკერდზე ვატარებთ. ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, გულშემატკივრებზეცაა, თუ ერთად ვიქნებით, დარწმუნებული ვარ ძალიან ვისიამოვნებთ და თუ ოცნებებს ავისრულებთ, რატომაც არა?!
მჯერა, რომ შემიძლია გუნდს ბევრი რამ შევთავაზო. მოედანზე ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და ხალხი ამის შეფასებას შეძლებს. მოვედი, რომ ვისიამოვნო, ვითამაშო და ვიბრძოლო. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც ჩემგან მოითხოვენ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად.
ვთქვი, რომ აქ ვარ, რათა ჩემი პატარა წვლილი შევიტანო. მოედანზეც და მის გარეთაც, რადგან ფეხბურთში ბევრი უხილავი სამუშაოა. მჯერა, ბევრ რამეს ვისწავლი ჩემი თანაგუნდელებისგან და ვფიქრობ, რომ ასევე დავეხმარები მათ თამაშისგან სხვა პერსპექტივის მიღებაში.
მორტენ ჰიულმანდთან ვარჯიშმა უკვე მომცა საშუალება დამენახა, რატომ არის ის გუნდის ლიდერი. ვაკვირდებოდი მის მოძრაობებს, ხარისხს და მჯერა, რომ სეზონის განმავლობაში ბევრ რამეს ვისწავლი.
დებიუტისთვის მოტივირებული ვარ, მაგრამ ნელა უნდა ვიმოქმედოთ, რადგან სეზონი ახლა იწყება. ადაპტაციას გავივლი და ვეცდები დავეხმარო ჩემს თანაგუნდელებს. დარწმუნებული ვარ, ისინიც დამეხმარებიან. გასახდელშიც გვაჩვენებენ, თუ რა შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს.
ძალიან ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ ენას სწრაფად ვისწავლი. ჩემი თანაგუნდელები პორტუგალიურად მელაპარაკებიან და ვცდილობ ვისწავლო. ყველაფერი მესმის, ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ სწრაფად შევეჩვევი", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალ გუნდში დებიუტი სავარაუდოდ 16 ივლისს, გლაზგოს სელტიკთან ამხანაგურ მატჩში ექნება.