გიორგი ქოჩორაშვილი: "დისციპლინა, ვნება და შრომისმოყვარეობა წარმატების დასაბამია"
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტედან ლისაბონის სპორტინგში გადასვლამდე, ესპანურ მედია საშუალება superdeporte-ს ბევრი საინტერესო თემის შესახებ ესაუბრა.
ლევანტეს ლა ლიგაში აღზევება
ჩვენ მივაღწიეთ ოცნებას, რომელიც ყველას გვქონდა. მოხდა ის, რაზეც ბავშვობიდან ამდენჯერ ვოცნებობდით: ყოველდღე არ ადიხარ პირველ დივიზიონში. ამასთანავე, ლიგის ჩემპიონობა ჩვენი გუნდის თითოეული მოთამაშისთვის უდიდესი მიღწევაა.
საქართველო ისეთი ცხოვრების შემდეგ დავტოვე, რომ სახლიც კი არ მქონდა. უბრალოდ იმისთვის წავედი, რომ ახალ ქვეყანაში ოცნება ამეხდინა. ამავე დროს, ენა არ ვიცოდი. თუმცა, ხვდები, რომ როცა ოცნებისთვის იბრძვი, ამ ემოციების გადალახვა შეგიძლია.
ვიცოდი, რომ გუნდის მიერ გაწეული შრომა, ჩემს შრომასთან ერთად, მწვერვალზე აგვიყვანდა. ეს ყველაფერი დისციპლინიდან მომდინარეობს. სეზონის განმავლობაში იყო პერიოდები, როდესაც არაფერი გამოდიოდა. პირად დონეზე კი, მეც გამომიცდია პერიოდები, როდესაც არაფერი გამომივიდა. მიუხედავად ამისა, მიზნისკენ სვლას აგრძელებ. თუ არ იცი, სად მიდიხარ, ვერცერთი ზურგის ქარი ვერ დაგეხმარება. ასე რომ, პირველივე წუთიდან ვიცოდი, სად მივდიოდი. როცა მიზანს მივაღწიეთ, განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა დამეუფლა.
ვგრძნობ, რომ ამაღელვებელ მომენტში ვარ. მინდა, რომ ყოველთვის ლევანტეს წარმომადგენლად ვიგრძნო თავი. ისევე, როგორც ჩემს ქვეყანას, მინდა წარმოვადგენდე ლევანტეს ყველა გულშემატკივარს, სადაც არ უნდა წავიდე. ლევანტეს ისეთი შეგრძნებით ვტოვებ, თითქოს ეს ჩემი სახლია. ჩემი ოცნებები მიწაზე მედგრად მაყენებს.
ტრანსფერი ლისაბონის სპორტინგში
ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ როცა გავიგე, რომ სპორტინგს ჩემი დამატება სურდა, მხოლოდ ის თხოვნა მქონდა, რომ სეზონი ლევანტეში ჩამემთავრებინა.
ყველაზე მეტად მადლიერი ვარ იმის გამო, თუ როგორ მომექცნენ გულშემატკივრები, ჩემი თანაგუნდელები და მწვრთნელი. მათ გამიგეს. როდესაც შესაძლებლობა გეძლევა დაეხმარო კლუბს, რომელმაც ამდენი რამ მოგცა, გააგრძელო ბრძოლა შენი ოცნებისთვის, ეს ყველაზე დიდი რამაა, რაც შეიძლება გამოგივიდეს. მათ შესანიშნავად გამიგეს და მადლობას ვუხდი. ჩემი მიზანი ყოველთვის ჩვენი უდიდესი ოცნების მიღწევაში გუნდის დახმარება გახლდათ. პირად დონეზე, ამან სტიმული მომცა. ვუთხარი ჩემს თავს: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ლევანტე წარმატებით დავტოვო“. ამის მიღწევა ადვილი არ არის: ბევრი საათი უნდა დახარჯო, ყოველდღიურ რუტინაზე გაამახვილო ყურადღება და იმუშაო, რომ საქმეს ბევრად უფრო მომზადებული შეხვდე. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება გამოდგა და დამეხმარა პირველ დივიზიონში დაწინაურების მიზნისთვის მზადყოფნაში.
ბავშვობაში ვიცოდი, საიდან მოდიოდნენ დიდი ფეხბურთელები, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუ. ბავშვობაში ის ჩემი კუმირივით იყო. მახსოვს, 2012 წელს, როდესაც ის თბილისის დინამოს აკადემიაში მოვიდა და ჩვენი წარმოუდგენელი რეაქცია. 12 წლის შემდეგ, მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და პორტუგალია 2:0 დავამარცხეთ. როცა გავიგე, გამიხარდა, რომ არა მხოლოდ ჩემმა, არამედ ჩემი ოჯახის, ჩემი პარტნიორის და ჩემი თანაგუნდელების შრომამაც გაამართლა. ახლა მეტის მიღწევა მინდა, მაგრამ ამისთვის ლევანტესთან ერთად წარმატება აუცილებელი ფაქტორია.

ოჯახი
ემოციურად ვგრძნობ, რომ ჩემი ოჯახი ლევანტეს ჩემპიონობის დროს საქართველოში გაბედნიერდა. ახლა, სამშობლოში, მათ ვნახავ და ჩავეხუტები. ტელეფონით იგივე ემოციას ვერ განიცდი. როცა ჩავალ, მათთან ვიქნები, რადგან სამშობლო და ჩემი ოჯახის წევრები უნდა შევიგრძნო. ჩემი და, დისშვილი და სიძე ეიბართან მატჩს დაესწრნენ. მათთან ერთად ყოფნა ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემი დისშვილი ჯერ კიდევ ვერ ხვდება ყველაფერს, რასაც განვიცდი. რა თქმა უნდა, ჩემს დას ესმის. ის ბავშვობიდან მიყურებდა, როგორ ვიზრდებოდი.
ლევანტე ნიშნავს ოჯახს, რომლიდანაც ახლა მე ჩემი მიზნებისა და ოცნებების მისაღწევად მივდივარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ისეთივე ეტაპია, როგორიც, მაშინ, როცა საქართველო დავტოვე. ვტოვებ სახლს ახალი გამოწვევების საძიებლად და სპორტინგი შესანიშნავი გუნდია წარმოუდგენელი გულშემატკივრებით. ჩემი ახალი გუნდის გასული რამდენიმე თამაში ვნახე და ძალიან მომეწონა. მინდა მათი სტადიონის ატმოსფერო შევიგრძნო. თუ ლევანტეს შეფასება მომიწევს, დისციპლინას, თავმდაბლობას, ძალისხმევას და ვნებას დავასახელებ. დიდ ვნებას.
ლევანტეს მთავარი მწვრთნელი
ხულიან კალეროსთან მუშაობა განასაკუთრებული გამოცდილება გამოდგა. მან უკეთეს მოთამაშედ მაქცია. მახსოვს, წინასასეზონო პერიოდში მითხრა, რომ კარში უფრო ხშირად უნდა დამერტყა. დაცვაში ბევრი ვიმუშავეთ, განსაკუთრებით ტაქტიკურად. დიდი მწვრთნელები არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც გამოირჩევიან. ხულიან კალერო ერთ-ერთი მათგანია. თამაშების გამეორებებს ვუყურებდით და მწვრთნელი ჩვენს გონებას ანათებდა. ხულიან კალეროსთან ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ რამეზე მისაუბრია და მწვრთნელმა არამხოლოდ გამიგო, არამედ დამეხმარა კიდეც. ვფიქრობ, რომ დისციპლინა წარმატების გასაღებია. კალერომ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ეს ჩვენში ჩანერგეს.
ახალი ეტაპი
ვიცი, თუ რატომ მივდივარ სპორტნგში. მინდა, რომ გუნდმა ჩემპიონობა გააგრძელოს. ვხედავთ, რას აკეთებენ ისინი და ჩემი მიზანი იქნება დახმარება და წვლილის შეტანა. ტიტულების მოგება გუნდის ყველა წევრის დახმარებით ხდება. ამიტომ, ჩემი მიზანია, მაქსიმალური წვლილი შევიტანო. გული მიგრძნობს, რომ კარგი რამ მოხდება, მაგრამ აუცილებელია დისციპლინა, შრომისმოყვარეობა და ვნება.