Belive

გიორგი გველესიანი: "აზიაში საფეხბურთო რევოლუცია იწყება და შედეგს მომავალ წლებში ვნახავთ"

6 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

საქართველოს ნაკრებისა და ირანული "პერსეპოლისის" ცენტრალური მცველი, გიორგი გველესიანი ის ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იღებს მონაწილეობას.

ქართველი მცველი კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტიტულოვან გუნდში თამაშობს, რომელიც ამჟამად ტურნირის E ჯგუფში გამოდის და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსიც აქვს.

მეოთხე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი ტაჯიკურ "იშტიღლოლს" სტუმრად შეხვდება და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

მატჩის წინ, გიორგი გველესიანს ვესაუბრეთ, რომელმაც გუნდის სიახლეების, ეროვნული ნაკრებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ თავისი მოსაზრებები გაგვანდო.

პირველ რიგში, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გვიამბე. რამდენად კონკურენტუნარიანი ტურნირია და თავად შენი გუნდის მიმდინარე სეზონში გამოსვლას როგორ შეაფასებ?

ვფიქრობ, აზიის ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია, რომელზეც "პერსეპოლისი" ირანს მაღალ დონეზე წარმოაჩენს. ირანში, ხშირად ეროვნულ ნაკრებზე მეტადაც კი ამაყობენ "პერსეპოლისით".

ირანის ყველა მოქალაქე, რომელსაც ფეხბურთი უყვარს, ამ ტურნირის მატჩებს მოუთმენლად ელოდება. შესაბამისად, ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სატურნირო ცხრილში უკვე 6 ქულა გვაქვს და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

წელს ტურნირი კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდა, რადგან აქ საუდის არაბეთის წარმომადგენელი გუნდები გამოდიან, რომლებიც ძალიან გაძლიერდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სუპერვარსკვლავები დაიმატეს. ჯგუფში კრიშტიანუ რონალდუს, მარსელ ბროზოვიჩის, ალექს ტელეშის, ანდერსონ ტალისკას და სხვა ვარსკვლავებით დახუნძლული "ალ ნასრი" გვყავს, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, პლეი-ოფში შესაძლებელია "ალ იტიჰადს" ან "ალ ჰილალს" ან სხვა რომელიმე ისეთ გუნდს შევხვდეთ, რომელშიც ბევრი ვარსკვლავი თამაშობს.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

უშუალოდ საუდის არაბეთის ჩემპიონატის ახალ პროექტზე და იმ დიდ ინვესტიციაზე რას ფიქრობ, რომელიც ამ ქვეყნის ლიგის განვითარებაში დაბანდდა?

ცხადია, წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა და ამ დონის ფეხბურთელების ჩასვლა საუდის არაბეთში გასაკვირი იყო. თუმცა, მისასალმებელია ის ამბავი, რომ საუდის არაბეთში არამხოლოდ თავისი ჩემპიონატის დონის ამაღლებას, არამედ მთლიანად აზიის კონტინენტზე ერთგვარი საფეხბურთო რევოლუციის მოხდენას აპირებენ.

გასაგებია, რომ ამ ეტაპზე სუპერვარსკვლავებისთვის მთავარი დამაინტერესებელი ფაქტორი ფინანსებია. ასევე მგონია, რომ ამ ეტაპზე ევროპის დონეზე მისვლა და აზიის ჩემპიონთა ლიგით ჩანაცვლება ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ პროექტი დაწყებულია და განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

პირადად მე, ვიყავი საუდის არაბეთში, ჩემი თვალით ვნახე ინფრასტრუქტურა, სტადიონები და მართლაც ფანტასტიკური წინსვლა განიცადეს გასულ ათწლეულში. მათ ასევე მხარდამხარ მიჰყვება კატარის და ემირატების ჩემპიონატები, მთლიანობაში კი ეს აზიის ჩემპიონთა ლიგის დონის ამაღლებისთვის არის კარგი. გავა წლები და შედეგსაც დავინახავთ.

კრიშტიანუ რონალდუს გუნდთან დაპირისპირება მოგიწიათ. მაისურის გაცვლა ხომ არ გიცდია?

რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელისთვის ეს გამორჩეული მომენტია. ამ დონის ფეხბურთელთან ერთად მოედანზე გასვლა, მნიშვნელოვანი ამბავია. თუმცა, ჩვენი გუნდი იმდენად ამაყია, რომ წაგებული მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს არც კი გვიცდია მისთვის მაისურის გაცვლა.

კრიშტიანუ რონალდუ ჩემს გვერდით მოდიოდა და დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, მეთხოვა თუ არა, მაგრამ ხალხი მიყურებდა და ლამაზი ჟესტი არ იქნებოდა.

იმედი მაქვს, შემდეგ მატჩში მათ დავამარცხებთ და ამ შემთხვევაში ვცდი მაისურის გაცვლას, მაგრამ თუ არ დამთანხმდება, არც ამის გამო გავიფუჭებ გამარჯვებულ განწყობას...

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

ეროვნულ ნაკრებზეც ვისაუბროთ. გარდამავალი შემოდგომის პერიოდი გამოგვივიდა. როგორ ფიქრობ, შეძლო თუ არა ვილი სანიოლის გუნდმა ოქტომბერში რეაბილიტაცია და როგორ მატჩებს უნდა ველოდოთ ნოემბერში?

ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ამიტომაც, მათგან მაქსიმალური მოლოდინები გვაქვს. ფეხბურთში ეს ნორმალურია და ასეთი რაღაცები ხდება - ჩავარდნა და შემდეგ რეაბილიტაცია.

განსაკუთრებით, რაც მომეწონა, ის გარემოება იყო, რომ გუნდმა გაბედულად ითამაშა. ჩვენ გვყავს ამბიციური გუნდი, ამბიციური მწვრთნელი და გაგვაჩნია იმის ამბიცია, რომ მოსაგებად ვითამაშოთ. დღევანდელ ფეხბურთში კი დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან საჭიროა და ეს ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბერში მიიღო და ძალიან ბევრი რამ ოქტომბერში უკვე გამოსწორდა.

სხვა სტატიები