Belive

გიორგი გაგუა ცოტნე კაპანაძის თანაგუნდელი გახდება და სლოვაკეთში ითამაშებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ქართველი ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გაგუა კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

Geo team-ის ინფორმაციით, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი დუნაისკა სტრედაში ითამაშებს.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ჩემპიონატში უნდა გადაბარგებულიყო და აელ ლიმასოლში ეთამაშა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დუნაისკა სტრედაში გიორგი გაგუა ცოტნე კაპანაძესთან ერთად ითამაშებს. 2023 წელს, საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებულ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ორივე მათგანი ჩვენი გუნდის წევრი გახლდათ.

დუნაისკა სტრედა უნგრეთის საზღვართან დაფუძნებული გუნდია, მათ რიგებში ხშირად უნგრელი ფეხბურთელები თამაშობენ, ასევე სტაფი ხშირად უნგრელებით კომპლექტდება, რის გამოც გუნდს ზედმეტსახელად უნგრელებს უწოდებენ. გუნდმა ჩეხოსლოვაკიის არსებობის დროს, ამ ქვეყნის თასი მოიგო, დამოუკიდებლობის შემდეგ კი ჩემპიონატში 4-ჯერ მეორე ადგილი დაიკავა, ორჯერ კი თასის ფინალში ითამაშა. საერთაშორისო ასპარეზზე დუნაისკა სტრედას ქართულ გუნდებთან ორჯერ აქვს ნათამაშები. 2018 წელს უეფას ევროპა ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურმა გუნდმა დინამო თბილისი გამოთიშა, ხოლო 2023 წელს გორის დილამ კონფერენს ლიგაზე აჯობა.

დუნაისკა სტრედამ სლოვაკეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში საჩემპიონო ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, შემდეგ კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებელი პლეი-ოფი მოიგო და ევროპული ტურნირის საგზური დაიმსახურა, მაგრამ უეფამ გუნდი მოკვეთა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ უეფას წესების მიხედვით, კონკრეტული მფლობელის ორ გუნდს იდენტურ ტურნირში მონაწილეობა არ შეუძლია, დუნაისკას მეპატრონეები კი უნგრულ დიორსაც მართავენ და რეიტინგის მიხედვით, ტურნირში სწორედ ეს გუნდი ითამაშებს.

სხვა სტატიები