"გამოწვევები მიყვარს, მინდა, რომ გუნდს ლა ლიგაში გადასვლაში დავეხმარო" - რასინგმა გულიაშვილი წარადგინა
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის ლიდერმა გუნდმა, სანტანდერის რასინგმა წარადგინა. პრეზენტაციასთან ერთად, შედგა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. შემოწმებამ კარგად ჩაიარა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატი შეჩერებული გახლდათ, მაგრამ ვვარჯიშობდი და ფორმა შევინარჩუნე.
შეტევის ხაზში ყველა პოზიციაზე თამაში შემიძლია, რაც ვფიქრობ ჩემთვის უპირატესობაა. ნაკლები მნიშვნელობა აქვს თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, მთავარია, რომ გუნდს დავეხმარო. მარცხენა ფლანგის შემტევად თამაში ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ცენტრალური ფორვარდის როლშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ.
ესპანურ ფეხბურთს თვალს ყოველთვის ვადევნებდი და ვიცი, რომ დონე ძალიან მაღალია. ვთვლი, რომ ძალიან კარგ გუნდში მოვედი, შესანიშნავი მწვრთნელებით, რომლებიც დამეხმარებიან, რომ ესპანურ ფეხბურთთან რაც შეიძლება სწრაფად ვადაპტირდე.
რასინგის შესახებ აქამდეც ვიცოდი და როცა მათი ინტერესის შესახებ გავიგე, ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. პროექტი და გუნდი ძალიან მომეწონა.
მქონდა შანსი, რომ მწვრთნელთან მესაუბრა. ძალიან ღრმად არ გვისაუბრია, მაგრამ საწყისი შთაბეჭდილება მშვენიერი გამოდგა. ვფიქრობ, მომავალში, ტაქტიკისა და საფეხბურთო დეტალების შესახებ უფრო მეტს ვისაუბრებთ.
ცხოვრებაში, ყოველთვის ძალიან მომწონს გამოწვევები და აქ იმიტომ ვარ, რომ ყველას ვაჩვენო, უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. მინდა, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მინდა, რომ ლა ლიგაში დაწინაურებაში ჩემი წვლილის შეტანა შევძლო.
რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ბარსელონა ტოპ გუნდია და მათთან თამაში გვიწევს. ეს დიდი მატჩი იქნება. ვფიქრობ, მზად ვარ, რომ გუნდს დავეხმარო და თუ ამის საშუალება მექნება, მაქსიმალურად დავიხარჯები", - ამბობს გიორგი გულიაშვილი.
გიორგი გულიაშვილმა სანტანდერის რასინგთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
კანტაბრიის რეგიონის წარმომადგენელი გუნდი 1913 წელს არის დაარსებული და 1931 წელს ლა ლიგაში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. სანტანდერის რასინგი ლა ლიგიდან 2012 წელს გავარდა და მას შემდეგ ქვედა დივიზიონებში, უშუალოდ ლა ლიგა 2-ში კი 2022 წლიდან თამაშობს და ესპანური ფეხბურთის ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის. ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ სანტანდერის რასინგი გათამაშების ლიდერია.