Belive

ევროპის ძიუდოს კავშირი: "GAUMARJOS! - ქართველი ახალგაზრდების ისტორიული გამარჯვება"

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევროპის ძიუდოს კავშირი, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ისტორიულ ოქროს მედალს ეხმაურება. 

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები გახდა, რომელთაც ფინალში ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს და ისტორიაში პირველად, შერეულ გუნდურ სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვეს. 

პირველი დაპირისპირება 2-გზის ევროპის ჩემპიონმა - შალვა გურეშიძემ მოიგო და ანგარიში 1:0 გახადა. ამის შემდეგ კი მეორე ბრძოლაში ნიდერლანდელმა გოგომ, ნინო ლოლაძე დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა - გიორგი ტერაშვილი საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა - 2:1. 

"ეს ჩემთვის ორმაგი ბედნიერებაა, ფინალი კარგი იყო, რეალურად მთელი დღე კარგი გამოვიდა და ახლა ეს ისტორიული ოქრო გვაქვს, იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს დაგვიკავებია პირველი ადგილი, ახლა ჩემპიონები ვართ..." - გიორგი ტერაშვილი

ქართველებს მესამე გამარჯვება ეთერ ასკილაშვილმა მოუტანა, რომელმაც უძლიერესი ნიდერლანდელი 2-ჯერ დაავაზარა და საბოლოოდ, იპონით გაიმარჯვა. ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს, მან ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების ისტორიულ ოქროს მედალში დიდი წვლილი შეიტანა. 

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ჩვენი პირველი ოქროს მედალია შერეულ გუნდურ შეჯიბრში და მთელი საქართველო გავახარეთ. ეს შედეგი ჩვენმა დიდმა გუნდურობამ მოიტანა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ..." - ეთერ ასკილაშვილი
ეთერ ასკილაშვილის გამარჯვების ილეთი ნიდერლანდელ მეტოქესთან

ანგარიში 3:1 იყო და მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებდა საქართველოს ნაკრებს ისტორიულ ოქროს მედლამდე და ასეც მოხდა. ისტორიული ოქროს მედლის მთავარი გამარჯვება თამაზ კობერიძემ მოიპოვა, რომელმაც 90 კგ წონითი კატეგორიის მოქმედი ევროპის ჩემპიონი დაამარცხა. 

მან ეს გამარჯვება "ხაბარელი" ილეთით შეძლო, რაც ულამაზესი სანახავი იყო. 

თამაზ კობერიძის ულამაზესი გდება

ისტორიული ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა - გიორგი ათაბეგაშვილმა. 

"ეს საოცარი შედეგია, მე ვამაყობ ჩემი ძიუდოისტებით. ხუთჯერ ვცადეთ ამ შეჯიბრის მოგება, ხან მცირედი დაგვაკლდა და ხან არ გაგვიმართლა, ახლა კი მოვიპოვეთ ოქროს მედალი.

ძალიან სასიხარულოა, რომ შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა..." - გიორგი ათაბეგაშვილი
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები

სხვა სტატიები