ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება: სვანაძის გუნდი ავსტრიაში შეიკრიბება და რუმინეთს შეხვდება
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდს ავსტრიაში გაივლის.
ოფიციალური ინფორმაციით, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი შეკრებას 30 მაისს, ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში დაიწყებს, სადაც ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს.
ჩვენი გუნდის მეტოქე რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები იქნება, ქვეყნის, რომელთან ერთადაც საქართველომ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა.
რუმინეთის ნაკრებთან მატჩი 4 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს რუმინეთთან უახლოესი შეხვედრა 2022 წლის 3 ივნისს, ასევე ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში აქვს გამართული და 2:0 მოგებული, ორივე გოლი მარჯვენა მცველის, ცოტნე კაპანაძის აქტივშია.
საქართველოს ნაკრებს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან შეხვედრა ელის.