Belive

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: დღე II - ტატამზე 6 ქართველს ვიხილავთ

1 კვირის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა სტარტი დღეს, 25 აპრილს აიღო და 28 აპრილის ჩათვლით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

პირველი საშეჯიბრო დღე კი ქართველი სპორტსმენებისთის წარმატებული გამოდგა - ვაჟა მარგველაშვილი კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა კი ევროპის ჩემპიონატზე მეორედ შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება.

ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, ანუ 26 აპრილს, ტატამზე 6 ქართველს ვიხილავთ.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას, ლეგენდარული - ლაშა შავდათუაშვილი და 23 წლის გიორგი ჩიხელიძე დაიცავენ.

გიორგი ჩიხელიძე A ბადეში განუთესავია და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე, ბულგარელი - დენისლავ ივანოვი იქნება. ბულგარელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, ახალგაზრდა ქართველი, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - რუსლან ჰალავაჩუს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ - ლაშა შავდათუაშვილს, შავი C ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ესპანურ-ხორვატულ დაპირისპირებაში გაირკვევა. რობერტ კლასარსა და ხავიერ პენა ინსაუსტის შორის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილს მეორე რაუნდში, ანუ 1/32-ფინალში დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა შავდათუაშვილი ძალიან კარგ ბადეშია მოხვედრილი და ძიუდოს ექსპერტების აზრით, მას არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი, რომ მინიმუმ ნახევარფინალამდე მივიდეს.

81 კგ

5-თვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ტატამს ამ წონითი კატეგორიის "მეფედ" წოდებული - ტატო გრიგალაშვილი უბრუნდება, რომელიც მესამე ევროპის ჩემპიონობას შეუტევს.

ტატო გრიგალაშვილი A ბადეში განთესილია და იგი ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ფრანგ - ალფა უმარ დიალოსა და ბერძენ - თეოდოროს დემურციდისს შორის გამარჯვებული იქნება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, მატიას კასეს არ ყოფნაში, ტატო გრიგალაშვილი კიდევ უფრო დიდი ფავორიტია იმისა, რომ კონტინენტის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგოს.

63 კგ

63 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, გუნდურ პირველობაში მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ეთერ ასკილაშვილი დაიცავს.

ეთერი D ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან იწყებს, სადაც მოლდოველ - დანიელა ცაცის დაუპირისპირდება.

მოლდოვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ეთერის ბადე ნეიტრალური დროშის ქვეშ მყოფ - იანა მაკრეცკაიაზე გადის.

70 კგ

70 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ 2 სპორტსმენი - მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი იასპარეზებენ.

მარიამ ჭანტურია A ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე რაუნდში ბრიტანელ ფალავანთან - კელი პერესენ პოლარდთან იწყებს, მისი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მარიამის მეტოქე, ხორვატი - ბარბარა მატიჩი იქნება, რომელიც ამ წონითი კატეგორიის ლიდერია.

რაც შეეხება ნინო გულბანს, გულბანი C ბადეში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება საქმეში და მისი მეტოქე, სერბი - იოვანა ცაკარევიჩი იქნება. იმ შემთხვევაში თუ გულბანი შეძლებს და სერბ სპორტსმენს დაამარცხებს, იგი მსოფლიოს მესამე ნომერ ბერძენ ფალავანს - ელისავეტ ტელციდოს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები