"დიდ გუნდებთან განსაკუთრებით სასიხარულოა" - არველაძის კაცნაკლულმა გუნდმა ფენერბაჰჩესთან ქულა მოიპოვა
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის გაწვრთნილმა ქაზიმფაშამ თურქეთის სუპერ ლიგის მეექვსე ტურში სტამბულურ გრანდ, ფენერბაჰჩესთან საშინაო კედლებში ფრე (1:1) ითამაშა.
დიდი სამეულის წარმომადგენელ გუნდთან მატჩში ქართველი მწვრთნელის გუნდი საწყისი წუთებიდანვე აგებდა, ხოლო ტაიმის მიწურულს წითელი ბარათის გამო კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ქაზიმფაშამ გათანაბრება მოახერხა და ქულის მოპოვება შეძლო.
"რთული კვირა გამოვიდა და სამი მატჩი ჩავატარეთ. ბუნებრივია, რომ ჩემპიონატი მხოლოდ მოედანზე არ იმართება და კლუბის ყველა თანამშრომელი ზურგს უკან ბევრს შრომობს. გუნდის შედეგი ყველა მათგანის შრომაზე აისახება: გამარჯვების დროს ყველაფერი მარტივია, მაგრამ წაგებისას ისე ჩანს, რომ თითქოს მათ არაფერი გაუკეთებიათ. სამწვრთნელო, სამედიცინო სტაფი, მზარეულები და მთლიანად პერსონალი, გუნდის წარმატებისთვის ყველა მათგანი დაუღალავად შრომობს და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი.
ფენერბაჰჩესთან მატჩი კარგად დავიწყეთ. მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევას ვცდილობდით, მაგრამ ისინი შეცდომას არ გაპატიებენ და გოლი მივიღეთ, შემდეგ 10 კაცით დავრჩით, მაგრამ მომენტები შევქმენით და ანგარიშის გათანაბრება შევძელით. ქულის მოპოვება დავიმსახურეთ, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს დიდ გუნდთან ხდება", - ამბობს შოთა არველაძე მატჩის შემდეგ.
52 წლის ქართველი სპეციალისტის ქაზიმფაშას გასული 3 მატჩი არ წაუგია და 5 ქულა მოიპოვა, რა მაჩვენებლითაც სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა და შემდეგ მატჩს რიზესპორთან სტუმრად, 28 სექტემბერს გამართავს.