ჩვენი მეტოქე: ყველაფერი რაც ფარერის კუნძულების ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
საქართველოს ნაკრები 2025 წლის საწყის ამხანაგურ მატჩს ფარერის კუნძულებთან ჩაატარებს, რომელთანაც აქამდეც არაერთხელ უთამაშია.
საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს და მეტოქეს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, 5 ივნისს, უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მეტოქეს ამ სტატიაში განვიხილავთ.
დაარსება: 1988 წელს
ფარერის კუნძულების ფეხბურთის ასოციაცია: დაარსდა 1979 წლის 13 იანვარს
ფიფას წევრი: 1988 წლიდან
უეფას წევრი: 1990 წლიდან
პრეზიდენტი: კრისტიან ანდრეასენი
ფიფას უახლესი რეიტინგი: 141 (2025 წლის 3 აპრილი)
უმაღლესი რეიტინგი: 74 (2015 წლის ივლისი, 2016 წლის ოქტომბერი)
ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 198 (2008 წლის სექტემბერი)
საშინაო არენა: ტორსვოლური (გუნდადალურის სპორტული ცენტრი, ტორსჰავნი)
მთავარი მწვრთნელი: ეიოუნ კლაკსტეინი
კაპიტანი: ჰალურ ჰანსონი
სტატისტიკა
პირველი მატჩი: ფარერის კუნძულები - კანადა 1:0 (1998 წლის 2 ივლისი, ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები)
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ფარერის კუნძულები - ლიხტენშტეინი 5:1 (2021 წლის 7 ივნისი, ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები); ფარერის კუნძულები - ლიხტენშტეინი (2024 წლის 22 მარტი, მარბელა, ესპანეთი)
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული ამხანაგური მატჩი: ისლანდია - ფარერის კუნძულები 9:0 (1985 წლის 10 ივლისი, კეფლავიკი, ისლანდია)
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული ოფიციალური მატჩები: იუგოსლავია - ფარერის კუნძულები (1991 წლის 16 მაისი, ბელგრადი, იუგოსლავია); რუმინეთი - ფარერის კუნძულები (1992 წლის 6 მაისი, ბუქარესტი, რუმინეთი); ფარერის კუნძულები - ნორვეგია 0:7 (1993 წლის 11 აგვისტო, ტოფტირი, ფარერის
კუნძულები); ფარერის კუნძულები - იუგოსლავია (1996 წლის 6 ოქტომბერი, ტოფტირი, ფარერის კუნძულები)
ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ფროი ბენიამინსენი (96)
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: როგვი იაკობსენი, კლემეინ ოლსენი (10)

ისტორია
ფარერის კუნძულები დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონია, 1948 წლიდან კი მათი დამოუკიდებელი უფლებების ჩამონათვალი უფრო მეტად გაფართოვდა. მას მერე ფეხბურთში დამოუკიდებელი აქტივობები გაიზარდა და ეტაპობრივად ოფიციალური ხასიათი მიიღო, თამაშით კი სპორტის ამ სახეობას, ისევე როგორც დანარჩენ ევროპაში, მე-19 საუკუნიდან მისდევდნენ.
1980-იან წლებში ფარერის კუნძულებზე ფეხბურთისთვის პროფესიონალური ხასიათის მიცემა გადაწყვიტეს, გუნდების, მწვრთნელებისა და მენეჯერების მომზადება დაიწყეს. საწყის ეტაპზე ყველაფერი დანიის უშუალო ჩართულობით ხდებოდა, 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან კი საქმიანობა დამოუკიდებლად გააგრძელეს. ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების ფორმირება, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება და ტურნირებში მონაწილეობის მიღება თითქმის იგივე დროს მოხდა, როცა საქართველოს შემთხვევაში.
მსოფლიოს 1994 წლის შესარჩევი ეტაპი ფარერის კუნძულებისთვის საწყისი ოფიციალური შეჯიბრებაა, რომელშიც ყველა, ათივე შეხვედრა წააგეს, მაგრამ მოგვიანებით, მოპოვებული გამარჯვებებისა და დაგროვებული ქულების რაოდენობა მსოფლიო რეიტინგში ზრდის პროპორციული გახდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ყველაზე წარმატებული საკვალიფიკაციო ეტაპი 2018 წლის მუნდიალზე გამოდგა, როცა გუნდმა 2 მატჩი მოიგო, სამში ფრეს მიაღწია და 9 ქულა დააგროვა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფარერის კუნძულებმა 2 მატჩის მოგება ორჯერ, 1996 და 2016 წლის ტურნირებში შეძლო.
უეფას ერთა ლიგის დაარსების შემდეგ, ფარერის კუნძულები ყველაზე დაბალ, რანგით მეოთხე, D დივიზიონში მოხვდა, მაგრამ მეორე მცდელობაზე C ლიგაში აღზევება შეძლო და ორი სეზონია ადგილსაც ინარჩუნებს.
გასულ პერიოდში დაგროვებული წარმატებული მატჩების შემდეგ, რომელთა რიცხვში, კავკასიურ დერბიში ჩვენს მეტოქე სომხეთთან ერევანში მოგებაც შედის, ფარერის კუნძულების ნაკრებმა რეიტინგში მცირედით დაწინაურება შეძლო და ახლა 141-ე პოზიციას იკავებს.
შემადგენლობა
ფარერის კუნძულების ნაკრების შემადგენლობა უმეტესად სკანდინავიის ქვეყნების ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის ევროპული მასშტაბით ყველაზე წარმატებული ფარერის კუნძულის წარმომადგენელი გუნდის, კლაკსვიკის ფეხბურთელები ჭარბობენ. ამავე დროს, არიან სკანდინავიის მიღმა მოთამაშე ლეგიონერებიც, მაგალითად სლოვენიისა და პოლონეთის ჩემპიონატებიდან. საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ფარერის კუნძულების გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ 7 ლეგიონერია.

მწვრთნელი
ეიუნ კლაკსტეინი 52 წლის სპეციალისტია, რომელიც ფარერის კუნძულების ნაკრების ისტორიაში მეხუთე ადგილობრივი მწვრთნელია. ზოგადად, 1988 წლიდან მოყოლებული ფარერის კუნძულების ნაკრებს სულ 11 მწვრთნელი ხელმძღვანელობდა და ცვლილებები საკმაოდ იშვიათად ხდებოდა.
ეიუნ კლაკსტეინმა ნაკრები 2024 წლის 16 ოქტომბერს ჩაიბარა. კლაკსვიკის ფეხბურთელი მწვრთნელად უკვე 13 წელია მუშაობს და ამ გუნდის გარდა, ტორსჰავნი B36-ს, სკალას და ვიკინგურს, ასევე ფარერის კუნძულების ყველა მთავარ ასაკობრივ ნაკრებს ხელმძღვანელობდა.
ფარერის კუნძულების ნაკრები ეიუნ კლაკსტეინს ჯერ დროებით ანდეს, ამ წლის თებერვალში კი მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ნაკრებს ფარერის კუნძულების გუნდთან ორი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული: 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ორივე შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით გამარჯვება მოახერხა: სტუმრად 6:0 და შინ 3:1.
ამხანაგური შეხვედრის ეგიდით ჩვენი ნაკრები მეტოქეს ისტორიაში სადებიუტოდ შეხვდება.