Belive

ბორდოს მწვრთნელი: "დავითაშვილის პროგრესით ბედნიერი ვარ - ის შესანიშნავ ფორმაშია"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ბორდოს" მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ გიონმა, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის მატჩის შემდეგ ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა "კანის" წინააღმდეგ ფრე - 1:1 ითამაშა. მატჩში "ჟირონდინების" მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი 34-ე წუთზე სწორედ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი გახდა.

"ცხადია, ის შესანიშნავ ფორმაშია და უამრავ განსხვავებას ქმნის მოედანზე. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი პროგრესით. ბედნიერი ვარ, რომ მან გოლი გაიტანა, რადგან ის ამას იმსახურებს. ის დიდ ძალისხმევას დებს საქმეში.

"გრენობლთან" მატჩის შემდეგ ის იმედგაცრუებული იყო (ზურიკო იმ მატჩში საუკეთესოდ დასახელდა, 4 საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო). ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ხასიათს იმტკიცებს. მას ცოტა მეტი დრო უნდა მივცეთ. ის იღებს პასუხისმგებლობას და აგრძელებს წინსვლას. დავინახეთ, რომ "კაენის" მცველებთან მიმართებაში უპირატესობას ქმნიდა - მოვუწოდეთ რომ ეს გაეგრძელებინა.

ჩვენ ზურიკოს ის ადგილი შევთავაზეთ, რომლიდანაც შეძლებდა, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის პრობლემები შეექმნა", - თქვა დევიდ გიონმა.

9 ჩატარებული მატჩის შემდეგ "ბორდოს" 11 ქულა აქვს დაგროვებული და მე-13 პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში "მატმუ ატლანტიკის" ბინადრები 7 ოქტომბერს, საშინაო კედლებში, "ლევალუას" წინააღმდეგ ითამაშებენ. რაც შეეხება უშუალოდ ქართველ ფეხბურთელს, მას ამ სეზონში 9 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს დაგროვებული.

სხვა სტატიები