ბიქსენტ ლიზარაზუ: "კვარა ქვასავით ძლიერი და ხმალივით ბასრია, გადამწყვეტი ფეხბურთელია"
ვეტერანი ფეხბურთელი, ბიქსენტ ლიზარაზუ, რომელიც ახლა სატელევიზიო ექსპერტის სტატუსით მედიაში ხშირად ჩნდება, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, პსჟ-სა და მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებისგან საუკეთესო თერთმეტეულს ადგენს. lequipe-სთვის შედგენილ სიმბოლურ გუნდში 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასაც ახვედრებს და ამბობს, რომ ის მისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია.
"ოლისესთან ერთად კვარაცხელია ჩემი კიდევ ერთი ფავორიტია. ლუის დიასის მსგავსად, მასაც აქვს წარმოუდგენლად შეუპოვარი, პიტბულის მსგავსი თვისება, რაც იშვიათია შემტევებს შორის.
მცველისთვის ნამდვილი ფუფუნებაა მისნაირი გარემარბის ყოლა, რომელიც დაცვაში თავგამოდებით მუშაობს. ხვიჩა ჰასან სალიჰამიჯიჩს მაგონებს, რომელმაც ჩემთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2001 წელს მოიგო. კვარა ქვასავით ძლიერი და ხმალივით ბასრია! ძალიან ნიჭიერია, კიდევ უფრო ამაღლებს თავის თამაშს მნიშვნელოვან მატჩებში. ნამდვილად გადამწყვეტი მოთამაშეა", - ამბობს ბიქსენტ ლიზარაზუ.
56 წლის ვეტერანი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, წლების განმავლობაში მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს ინაწილებდნენ. მათ ერთად, ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ კონფედერაციის თასი (2001 და 2003), ხოლო მიუნხენის ბაიერნთან ერთად 4 ბუნდესლიგა, 3 გერმანიის თასი, ერთხელ გერმანიის ლიგის თასი, თითო ჯერზე კი ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს. მათ მოედანზე ერთად 154 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული, სანიოლის პასით კი ლიზარაზუმ გოლის გატანა ბოხუმის კარში მოახერხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს ბრწყინვალე სეზონი აქვს. პსჟ-ს შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალშია გასული და მიუნხენის ბაიერნთან ორმატჩიანი დუელი ელოდება.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ბაიერნთან საწყის მატჩს 28 აპრილს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.