Belive

ბაჰრეინის ნაკრების მწვრთნელი: "სუსტი გუნდი არ ვართ და თბილისში კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით"

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოსთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, ბაჰრეინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დრაგან ტალაიჩი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"მინდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მთელ ქვეყანას დიდი მადლობა გადავუხადო შესანიშნავი მასპინძლობისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენც გვეწვევით და საქართველოს ნაკრებსაც შესანიშნავ მასპინძლობას გავუწევთ.

სავარაუდოდ, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია ბაჰრეინის ნაკრების შესახებ. ჩვენ ნამდვილად არ ვართ პატარა და ხელწამოსაკრავი გუნდი. ჩვენ ვართ სპარსეთის ყურის წარმომადგენელი გუნდი, რეგიონის, რომლის 3 ნაკრებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ძალებს ვაფასებთ, ვიცით, რომ ძალიან კარგი გუნდია და თქვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გყავთ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ სუსტი გუნდი არ ვართ და საქართველოში იმისთვის ჩამოვედით, რომ ორივე გუნდმა კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაყურებლებმა ისიამოვნონ.

ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იქნება საქართველოს ნაკრებთან თამაში. ჩვენი გუნდის ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში თამაშობს და თქვენთვის ისინი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ გპირდებით, რომ კარგ ფეხბურთს ითამაშებენ.

მინდა ხაზი გავუსვა თქვენი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მუშაობას. მისი, როგორც ფეხბურთელის და მწვრთნელის კარიერას კარგად ვიცნობ, ვხედავ, რომ საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობს და ჩემს კოლეგას სამომავლოდ, ხვალინდელი მატჩის შემდეგ წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს ხორვატი სპეციალისტი.

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ივნისს უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები