Belive

7-ნომრიანი მაისური და გაუმჯობესებული კონტრაქტი: ნაპოლი კვარას შენარჩუნებას ცდილობს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-ის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. იტალიის ექს-ჩემპიონს მისი შენარჩუნება სურს და როგორც ამ ქვეყნის მედიაში საუბრობენ, საამისოდ, ახალ შეთავაზებას ამზადებენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში შენარჩუნების მიზნით, ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა ახალ შეთავაზებას ამზადებს. კონკრეტულად, საუბარია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და განახლებულ პირობებზე. ამავე დროს, საინტერესოა ისიც, რომ გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას 7-ნომრიან მაისურს სთავაზობს.

აქამდე, 7-ნომრიანი მაისურით ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი, ელიფ ელმასი თამაშობდა, რომელიც ახლა "ლაიფციგის" ფეხბურთელია და აღნიშნული მაისური თავისუფალია.

ასევე, ირკვევა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანტონიო კონტე ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი გახდება, მისი სურვილი 23 წლის ქართველ ფეხბურთელთან ერთად მუშაობა იქნება. მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჯერ ისევ მიმდინარეობს, მთავარი მოთხოვნა კი ანაზღაურების ზრდა გახლავთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 34 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება შეძლო. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, აქ მან 8 შეხვედრაში 1 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები