Belive

ყველაზე გამორჩეული და დაუვიწყარი მომენტები ოლიმპიადის ისტორიიდან

2 წლის წინ სხვა
9 წთ

ისტორიის განმავლობაში, ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმა არაერთი დაუვიწყარი მომენტით დაგვამახსოვრა თავი: რეკორდების, ფენომენალური სპორტული პერფორმანსები, სიახლეები, მოულოდნელობები და სხვ. თვალი გადავავლოთ ისტორიულ ფაქტებს, რომლებმაც ოლიმპიადის ისტორია შექმნეს.


მაიკლ ფელპსზე მეტი ოლიმპიური მედალი არცერთ სპორტსმენს არ აქვს მოპოვებული. მეტსაც გეტყვით, მისი რეკორდის მოხსნასთან ახლოს არცერთი სპორტსმენი არაა. ამერიკელმა მონაწილეობა 4 ოლიმპიადაზე მიიღო და თავი 28 მედალს მოუყარა (მათ შორის 23 ოქროა). ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, სამხრეთ აფრიკელი მოცურავე, ჩად ლი გროსი, მის მთავარ კონკურენტს უყურებს და უკვე დარწმუნებულია, რომ 200-მეტრიან დისტანციაზე, ბატერფლაიში, პირველი ადგილი დაკარგული აქვს.

ამ ნახტომით, ამერიკელმა სიმაღლეზე მხტომელმა, დიკ ფოსბერიმ, 1968 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან ერთად, მან დაახლოებით იგივე გააკეთა, რაც 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე ანტონინ პანენკამ: დიკ ფოსბერიმ ახალი სტილით ნახტომს დაუდო სათავე - სტილს, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა.

ფოტო 1968 წლის მექსიკის ოლიმპიადაზეა გადაღებული. ამერიკელმა სპორტსმენებმა, ტომი სმითმა (ცენტრში) და ჯონ კარლოსმა, ჰიმნის მოსმენისას, თავი დახარეს და ხელები მაღლა აწიეს - მათმა ჟესტმა მსოფლიო მედიის პირველი ფურცლები დაიკავა და სამოქალაქო უფლებების ბრძოლაში ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. პოდიუმის დატოვებისას, გულშემატკივარის ნაწილმა სტვენა დაიწყო. მიჩნეულია, რომ მათი დემონსტაციული ქცევა ოლიმპიადის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იყო.

სმითის განცხადებით, "გამარჯვებისას, ამერიკელს მიწოდებენ და არა შავკანიან ამერიკელს, თუმცა თუკი რაიმეს დავაშავებ, ეს ჩემს კანის ფერს უკავშირდება. დიახ, თითოეული ფერადკანიანი კარგად გაიგებს, თუ რა მოხდა დღეს".

1900 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ქალმა სპორტსმენებმა პირველად მიიღეს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება, რამაც მომავალში უფრო მეტად ფართო ასპარეზი მიიღო. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც თითოეულ მონაწილე ქვეყანას მინიმუმ 1 ქალი სპორტსმენი მაინც წარმოადგენდა.

1960 წლის რომის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა უნიკალური რამ - მასზე თვალყურის მიდევნება სატელევიზიო ეთერით გახდა შესაძლებელი, რამაც ტურნირის კომერციალიზაციასაც შეუწყო ხელი. ისიც აღსანიშნავია, რომ რომის ოლიმპიადაზე პირველი დოპინგის სკანდალიც დაფიქსირდა, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ სპორტსმენები ოქროს მედლის მოსაპოვებლად არასამართლიან ხერხსაც მიმართავდნენ.

ამერიკელმა ჯეიმს (ჯესი) ოუენსმა 1936 წლის ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა ბერლინში, ადოლფ ჰიტლერისა და ნაცისტური გერმანიის მმართველობის პერიოდში გაიმართა. ჰიტლერს ძალიან სურდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე თეთრკანიანი რასის უპირატესობები გამოჩენილიყო და მედლები მხოლოდ თეთრკანიანებს დარჩენოდათ, თუმცა ოუენსის დამსახურებით, მისი გეგმა წყალში ჩაიყარა. როგორც ცნობილია, ჰიტლერი გაცეცხლებული იყო, ოუენსმა კი ამერიკის ისტორიაში სამუდამოდ დაიკავა ადგილი.

რუმინელი ნადია კომანეჩი გახდა პირველი ტანმოვარჯიშე ოლიმპიადის ისტორიაში, რომელმაც გამოსვლაში 10.0 დაიმსახურა - ეს კი მან 1976 წლის ოლიმპიადაზე 7-ჯერ გააკეთა. ერთ დროს მიიჩნევდნენ, რომ 10.0-ის გამომუშავება ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

როგორ შეიძლებოდა, რომ ამ სიაში "მუჰამედ ალის" სახელით ცნობილი კასიუს კლეი არ ყოფილიყო? მან 1960 წლის ოლიმპიადაზე, მსუბუქ წონაში, ოქროს მედალი მოიგო. ისტორია საინტერესოდ განვითარდა: სახლში დაბრუნებისას, მას რესტორანში კანის ფერის გამო არ მოემსახურნენ. გაცეცხლებულმა მუჰამედ ალიმ ოქროს მედალი მოიხსნა და მდინარეში მოისროლა. აშშ-ში იმასაც ამბობენ, რომ ეს ისტორია სიცრუეა და რომ ალიმ ოქროს მედალი, უბრალოდ, დაკარგა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია ის, რომ მუჰამედ ალის ახალი ოქროს მედალი დაუმზადდა და 1996 წლის ატლანტას ოლიმპიადაზე ჩირაღდნის ანთების პატივიც ერგო - ამ დროს, იგი უკვე პარკინსონით იყო დაავადებული. ალის თქმით, ეს მის სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა იყო.

ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ, კერი სტრაგმა 1996 წლის ოლიმპიადაზე ნამდვილი გმირობა ჩაიდინა: პირველ გარბენზე, მან კოჭი დაიზინა, თუმცა ოქროს მედლის მოსაპოვებლად, მას ურთულესი მოძრაობა კიდევ ერთხელ უნდა შეესრულებინა. კერიმ დავალება უყოყმანოდ, იდეალურად შეასრულა და დაშვებისას, ტრავმა კიდევ უფრო მეტად გაირთულა - ამის მიუხედავად, იგი ბედნიერი იყო იმით, რომ ოქროს მედალის მფლობელი გახდა.

მის შეუპოვარ და დასაფასებელ საქციელს აშშ-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მედია მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, კერი სტრაგი ბილ კლინტონს თეთრ სახლში ეწვია.

ლარისა ლატინინა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო. 1964 წლის ოლიმპიადაზე, მან 6 მედალი მოიგო და ჯამში 18 მედალს მოუყარა თავი (აქედან 9 ოქროს მედალია). ლატინინამ 3 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და მედლების რაოდენობით, მხოლოდ მაიკლ ფელპსს ჩამორჩება.

სანამ ცურვის მოყვარულები მაიკლ ფელპსის სახელს გაიგებდნენ, მანამდე სპორტის ამ სახეობაში მარკ შპიცის სახელი ქუხდა. ფოტოზე შპიცი 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე მოგებულ მე-7 მედალს ზეიმობს. მხოლოდ მაიკლ ფელპსმა შეძლო ერთ ტურნირზე შპიცზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება (2008 წელი, 8 მედალი).

1972 წლის ოლიმპიადაზე, მეორეადგილოსნებისთვის განკუთვნილი პოდიუმი ცარიელი იყო: აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წევრებმა მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ასე გააპროტესტეს. ყველაფერი ასე წარიმართა: ალექსანდრე ბელოვის საბედისწერო შეცდომის შედეგად, რომელსაც მხედველობის პრობლემები ჰქონდა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა, ზურაბ საკანდელიძე იძულებული გახდა ჯარიმა აეღო და მეტოქისთვის 2 ტყორცნის უფლება მიეცა. ამ დროისთვის საბჭოთა კავშირი 49:48-ს იგებდა. მეტოქემ ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და ამერიკამ მთელი თამაშის განმავლობაში ანგარიში პირველად გაათანაბრა და წინ გასვლაც შეძლო.

საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტაიმაუტი მოითხოვა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ დაინახა, გუნდს თამაში გააგრძელებინა, სამ წამში საბჭოელთა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და აშშ-ის ეროვნული გუნდი ზეიმს შეუდგა. მაგრამ არა, ხანგრძლივი კამათის შემდეგ, დადგინდა, რომ საბჭოელთა მოთხოვნა წუთშესვენების შესახებ ლეგიტიმური იყო და გუნდებმა 3 წამი თავიდან გაითამაშეს, თუმცა ამჯერად, ტექნიკური ხარვეზის გამო, ტაბლოზე მხოლოდ 1 წამი აენთო და ამერიკელებს მეორე ზეიმიც ჩაშხამდათ.

საბოლოოდ, საბჭოთა კავშირმა 3 წამის გათამაშების უფლება მესამედ და უკანასკნელად მიიღო: თამაშში ბურთი ივან ედეშკომ შეიყვანა და პირდაპირ მეტოქის პერიმეტრისკენ გაგზავნა, სადაც ზუსტად ჩასაფრებული თანაგუნდელი ელოდა, რომელმაც ბურთი მეტოქის კალათში ზუსტად მოათავსა და საბჭოთა კავშირი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ეთიოპელი აბებე ბიკილა იყო პირველი ფერადკანიანი, წარმოშობით აფრიკელი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიგო (1960). ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ეს ყველაფერი კი მან შიშველი ფეხებით შეძლო.

და ბოლოს, ისევ აფრიკის თემა: 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადას ბოიკოტი 22-მა აფრიკულმა სახელმწიფომ გამოუცხადა. მიზეზი ამ ფორმით იყო დაფიქსირებული: "თუკი ახალ ზელანდიას ტურნირზე მონაწილეობის უფლებას მისცემთ, მაშინ ჩვენ ტურნირზე უარს ვიტყვით".

და რა შუაშია ახალი ზელანდია? საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში, სამხრეთ აფრიკას ძალადობრივი, აპართეიდის რეჟიმი მართავდა, ახალი ზელანდია კი სამხრეთ აფრიკასთან რაგბის თამაშს არ ერიდებოდა. აფრიკული ქვეყნების სოლიდარული და პოლიტიკური ჟესტი სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული.

სხვა სტატიები