UFC-ში წარმატებული კარიერისთვის „განწირული“ ქართველი მებრძოლები
2024 წელს UFC-ს რვა დივიზიონიდან ორს ქართველი ჩემპიონი ჰყავდა. P4P რეიტინგის ტოპ 3-ში ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მუდმივად იყვნენ და აღნიშნული წარმატების ფონზე ვვარაუდობდით, რომ UFC-ის კარი ქართველი მებრძოლებისთვის ფართოდ გაიღებოდა, რაც ოქტაგონზე ახალ სახელებს სწრაფად გამოაჩენდა. თუმცა, 2025–2026 წლებში ეს მოლოდინი სრულად არ გამართლდა. მეტიც, ორგანიზაციას გურამ ქუთათელაძე გამოაკლდა. ამის მიუხედავად, რამდენიმე პერსპექტიული ქართველი მებრძოლი უკვე ძალიან ახლოსაა UFC-სთან და ადრე თუ გვიან ორგანიზაციაში აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. წინამდებარე სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე ნათელ ქართველ პროსპექტებს.
იცო ბაბულაიძე (6-0) — ქვესაშუალო წონა (Welterweight)
როგორც წესი, წაგებების გრაფაში 0-იანი თვალშისაცემია. ქვესაშუალო დივიზიონში მოასპარეზე იცო ბაბულაიძეც დაუმარცხებელია — 6 გამარჯვებით, საიდანაც ორი ნოკაუტია, ორიც — დანებება. იცო წლებია UFC-ის ქვესაშუალო წონის ტოპ-კონტენდერის, შონ ბრეიდის სპარინგ-პარტნიორია. უკანასკნელ ჩხუბებშიც სწორედ შონ ბრეიდი იდგა ბაბულაიძის მწვრთნელთა კუთხეში. ბაბულაიძე მრავალმხრივ განვითარებული მებრძოლია: აქვს კარგი კრივი, სრულყოფილი ჭიდაობა და გრეპლინგი. მისი გუნდი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება აშშ-ში. 2026 წლის 17 აპრილს CFFC 153-ზე იცო დეუიტ დიქსონს დაუპირისპირდება — ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდაა UFC-ის კარისკენ გზაზე.
ოთარ თანზილოვი (10-1) — სუპერმსუბუქი წონა (Bantamweight)
დიდი ხნის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო ოთარ თანზილოვიც, რომელიც 2024 წელს დანა უაითის კონტენდერების სერიაში ჯოსიას მუსასასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა — გარკვეულწილად უსამართლო გადაწყვეტილებით. 27 წლის თანზილოვი უკვე წლებია მერაბ დვალიშვილთან ერთად ვარჯიშობს და სუპერმსუბუქ დივიზიონში ერთ-ერთი გამორჩეული სტრაიკერია. მუსასასთან მარცხის შემდეგ Fury FC 101-ის ივენთზე თანზილოვმა გილიერმო ტორესი დაამარცხა. თანზილოვს დაახლოებით ერთი წელია არ უჩხუბია — იმედია, მალე მიეცემა UFC-ში თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
ამირან გოგოლაძე (18-3) — ქვესაშუალო წონა (Welterweight)
დანა უაითის კონტენდერების სერიაში ასევე არ გაუმართლა ამირან გოგოლაძეს — მხრის დაზიანების გამო დარიუს ფლაურსთან ბრძოლა ვადაზე ადრე შეწყდა. ეს განსაკუთრებით დასანანია, რადგან გოგოლაძემ ამ შესაძლებლობისთვის Oktagon MMA-ის სატიტულო ბრძოლაზეც კი თქვა უარი.
ტრავმის შემდეგ მან შთამბეჭდავად დაბრუნება მოახერხა — ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ ყოფილი ჩემპიონი იონ სურდუ ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. გოგოლაძე ახალი თაობის მებრძოლია, რომელიც თანაბრად ეფექტურია როგორც ჭიდაობაში, ისე სტრაიკინგში, და მისი UFC-ში ხილვა სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება.
ამირან გოგოლაძე იონ სურდუს ანოკაუტებს
ლევან ჩოხელი (14-3) — ქვესაშუალო წონა (Welterweight)
ლევან ჩოხელი მერაბ დვალიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრია. წლების განმავლობაში ის Bellator-ის ქვესაშუალო წონის რეიტინგის ტოპ-10-ში იმყოფებოდა. Bellator-ისა და PFL-ის გაერთიანების შემდეგ ერთი ბრძოლა Phoenix FC-ში მოიგო. ჩოხელი ძლიერი ნოკაუტური ძალით გამოირჩევა და გამოცდილი მებრძოლია. UFC-ისგან კონტრაქტის მოლოდინშია და, თუ სწორ შესაძლებლობას გამოიყენებს, შეიძლება სწრაფად აღმოჩნდეს ორგანიზაციაში.
დავით ლორთქიფანიძე (9-0) — მსუბუქი წონა (Lightweight)
25 წლის კიდევ ერთი დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი — დავით ლორთქიფანიძე — იმ ახალი ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ეტაპობრივად უახლოვდება მსოფლიოს უდიდეს ორგანიზაციას. კარიერის საწყის ეტაპზე მან განსაკუთრებული ყურადღება Georgian Fighting Championship-ის ივენთებზე მიიქცია, თუმცა მისი რეალური პოტენციალი სრულად Rkena-ს ივენთებზე გამოჩნდა, სადაც „აჭარელმა ლომმა“ ჯერ ლეანდრო ბარბოსა დაანოკაუტა, შემდეგ კი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ალექს ოლივეირასთან მოიპოვა. UFC-ის ვეტერანი დავითმა დამაჯერებლად, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა — ეს იყო შედეგი, რომელმაც MMA-ს სამყაროში მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია. ეფექტური სტრაიკინგი, მაღალი დონის გრეპლინგი და კარგი ფიზიკური მომზადება ლორთქიფანიძეს სერიოზულ კონკურენტად აქცევს ნებისმიერ დონეზე. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობა გვიქმნის მოლოდინს, რომ ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოხვდება UFC-ის რადარზე და, დიდი ალბათობით, საკუთარ შანსსაც მიიღებს.