Belive

"თუ ჩემი სიტყვები ალექსს აბრაზებს ეს მისი პრობლემაა" - ილია თოფურია

3 თვის წინ სხვა
2 წთ

ისტორიაში პირველად ქართველი UFC-ის ქამრისთვის იბრძოლებს. თბილისის დროით 18 თებერვალს, ილია თოფურია ალექს ვოლკანოვსკის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის შეერკინება. ავსტრალიელი ძალიან დიდი ხანია რაც ამ დივიზიონში დომინირებს და საკუთარი ქამარიც 5-ჯერ დაიცვა.

UFC-ში გამოჩენის შემდეგ, "მატადორმა" გულშემატკივრების მთელი არმია შეიძინა. მის ჩხუბებს ესპანურენოვან ქვეყნებში უამრავი მაყურებელი ჰყავს. ბუნებრივია ეს დაპირისპირებაც დიდ ინტერესს იწვევს.

ილიამ მის მომავალ ბრძოლაზე, ო'მალისთან შექმნილ უსიამოვნებებზე და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე KOImenero-სთან ისაუბრა.

ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა ვოლკანოვსკის თავში შევმძვრალიყავი ან გამებრაზებინა. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ. თუ ჩემი სიტყვები ალექსს აბრაზებს ეს მისი პრობლემაა. მე არც ჟოზე ალდო, არც მაქს ჰოლოუეი და არც ბრაიან ორტეგა ვარ. მე ილია თოფურია ვარ... მე კი ყველასგან განსხვავებული ვარ. ვოლკანოვსკი მსოფლიო ჩემპიონი შემთხვევით არ გამხდარა. არც კი ვიცი ტიტული რამდენჯერ დაიცვა. ის ძლიერი ბიჭია. მასაც აქვს სისუსტეები, თანაც არაერთი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ალექსი ჩემს მსგავს მებრძოლს არ შეხვედრია და ეს 17 თებერვალს კარგად გამოჩნდება. - განაცხადა ილია თოფურიამ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ პრეტენზია ორმაგ ჩემპიონობაზე გამოთქვა. ამისთვის ამერიკელს დიდი ალბათობით, ილია თოფურიასთან დაპირისპირება მოუწევს (თუ ვოლკანოვსკის დაამარცხებს). ტრადიციულად, მებრძოლებმა სოციალურ ქსელებში ორიოდე სიტყვა გაცვალეს. ბუნებრივია, რომ ერთმანეთი არც ისე მეგობრულად მოიკითხეს. "მატადორს" ამის შესახებაც ჰკითხეს.

ის მებრძოლია, რომელიც არაჩვეულებრივად ჩხუბობს. შესამჩნევი სტილი აქვს, კარგი თაიმინგით და რეფლექსებით. შონის ხელი არც ისე მძიმეა, მაგრამ მეტოქეზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს. მასთან დაპირისპირება ისეთი ადვილი არ იქნება, როგორიც ბევრს ჰგონია. ო'მალი მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ მასთან ჩხუბი ჩემს გეგმებში არ შედის. ის ფიქრობს, რომ მეგავარსკვლავია, თუმცა, ეს ასე არ არის. - ამბობს თოფურია

2024 წლის დასაწყისში ილიამ საინტერესო განცხადება გაავრცელა. საკუთარ X-ის გვერდზე დაწერა, რომ ვოლკანოვსკის შემდეგ, კონორ მაკგრეგორთან სურდა ჩხუბი. ბუნებრივია, რომ ამ კითხვის გარეშე "მატადორთან" ინტერვიუ არ ჩაივლიდა.

მაკგრეგორი სუპერვარსკვლავია და ამაზე რიცხვებიც კარგად მეტყველებს. წაგებების გამო, მისი კარიერა ოდნავ ქვევით წავიდა. მგონი ივნისში თუ ივლისში ჩხუბობს. გამარჯვების შემთხვევაში მის მიმართ ინტერესი კვლავ დაბრუნდება და მასთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. რა წონაში? წონა განსხვავებული იქნება. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. იმ დივიზიონში შევებრძოლები, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. რაც შეეხება პროგნოზს... პირველი რაუნდი... ის უკვე ასაკშია და ეს დიდ გავლენას იქონიებს. - განაცხადა ილია თოფურიამ

ბოლო პერიოდში "მატადორს" ახალი Hater-ი გამოუჩნდა. ეს იაირ როდრიგესია. მექსიკელი იმ უიშვიათეს მებრძოლთა შორის არის, რომელიც სოციალურ ქსელებში ბევრს არ ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა, "პანტერამ" ილიას რამდენიმე პოსტი მიუძღვნა. იაირი თვლის, რომ ქართველს მხოლოდ იმიტომ აძლევენ დიდ ბრძოლებს, რომ ბევრს ლაპარაკობს.

დიდ ბრძოლებს არა საუბრის, არამედ გამარჯვებების გამო მაძლევენ. ამათ შორის დიდი განსხვავებაა. ბრძოლებს იმიტომ არ ვიგებ, რომ ჩემი მოწინააღმდეგეები მხარს იგდებენ. არც 5-რაუნდიანი ცემის შემდეგ ვიქნევ იდაყვს, რომელიც არც კი ვიცი საიდან მოდის. ასე არ ვიგებ ბრძოლებს. ჩემი მოწინააღმდეგეები ჩვარივით ვერ მათრევენ. ჩემსა და იაირს შორის, მთავარი განსხვავება სწორედ ეს არის. - ამობს ილია

თოფურიას ისლამ მახაჩევის შესახებაც ჰკითხეს. საინტერესოა შედგება თუ არა ოდესმე მათ შორის დაპირისპირება?

რა თქმა უნდა, ამ ბრძოლით დაინტერესებული ვარ. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ისლამი ჩემპიონია. მან კარგი მებრძოლები დაამარცხა და შემთხვევით არაფერი მიუღია. მაგრამ თუ მკითხავთ, მე საკუთარ თავს საუკეთესოდ ვთვლი. ყველაზე ტექნიკური და ძლიერი ვარ. ამის დამტკიცება მხოლოდ დროის საკითხია. შესაძლოა ერთ დღეს ისლამთანაც ვიჩხუბო. ეს ბრძოლა გარდაუვალია. სამუდამოდ ამ წონაში დარჩენას არ ვაპირებ. როცა ზედა წონაში გადავალ, მინდა ნომერ პირველს შევერკინო. - განაცხადა ილია თოფურიამ

სხვა სტატიები