ტომ ასპინალმა ქამარი ვაკანტური გახადა
ტომ ასპინალმა თვალის განმეორებითი მიღებული ტრავმებისა და გართულებების გამო ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა. ბრიტანელმა მებრძოლმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამედიცინო ნებართვის არქონის გამო არ სურს დივიზიონის შეფერხება, თუმცა ხაზგასმით დასძინა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს და ოქტაგონზე დასაბრუნებლად ბრძოლას განაგრძობს.
თვალებთან დაკავშირებული უწყვეტი გართულებების გამო, ამ ეტაპზე ვერ ვიღებ სამედიცინო ნებართვას, რომ ბრძოლებში მივიღო მონაწილეობა.
მრავალი ოპერაცია ჩავიტარე, გადავიტანე ინფექცია და ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო.
ბრძოლაზე უკვე შეთანხმებული ვიყავი და ვარჯიშსაც დავუბრუნდი, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მზად ვიყავი საბრძოლველად, მაგრამ ვარჯიშზე მომხდარმა ინციდენტმა ჩემი მარჯვენა თვალი კიდევ უფრო დააზიანა. ეს ნიშნავს სპორტისგან კიდევ უფრო დიდხანს ჩამოშორებას და ამჟამად ჩემი დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.
ახლა მივიღე გადაწყვეტილება, დავთმო მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული. ვთხოვე UFC-ს, მოეცათ ჩემთვის ამ განცხადების გაკეთების უფლება, რადგან არ მინდა მძიმე წონის დივიზიონის შეფერხება. ვიცი, რას ნიშნავს, როცა შენი კარიერა გაჩერებულია და მინდა ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა სხვა სპორტსმენებსაც მიეცეთ.
UFC და ჰანტერი ყოველ ნაბიჯზე იყვნენ ინფორმირებულნი. იცოდნენ ჩემს თვალებთან დაკავშირებული ყველა ტესტის პასუხი, პროცედურა და სამედიცინო ინფორმაცია. მჭიდროდ ვთანამშრომლობდით სხვადასხვა ექიმთან და სპეციალისტთან, რათა ჩემი დაბრუნება შემდგარიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ამჟამად უბრალოდ შეუძლებელია.
სრულად განადგურებული ვარ. ამ ოცნებას 10 წლის ასაკიდან მივსდევ.
მე არაფერი დამისრულებია.
ტიტულის დათმობა არ ნიშნავს სპორტიდან წასვლას ან ოცნებისთვის თავის დანებებას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვჯანმრთელდე და ჩხუბს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე.
ამ ყველაფერს განსაკუთრებით ართულებს ის, რომ მრავალი გართულება, რასთან გამკლავებაც მიწევს, წესების დარღვევების შედეგია. მებრძოლები ვენდობით მსაჯებს, რომ დაიცვან წესები და დაგვიცვან ასეთ მომენტებში. ძნელია, რომ დღესაც ასეთ რაღაცებთან გვიწევს გამკლავება.
მადლობა ყველას, ვინც ამ ნამდვილ კოშმარში მხარს მიჭერდა.
დავბრუნდები, როგორც კი სამედიცინო თვალსაზრისით გამოვჯანმრთელდები. - განაცხადა ტომ ასპინალმა
🚨 BREAKING: Tom Aspinall has announced that he is VACATING the UFC heavyweight title
— Championship Rounds (@ChampRDS) September 14, 2026
"Ongoing complications with my eyes mean I cannot get medically cleared to fight right now.
I’ve had multiple surgeries, accidents and infections, and done everything possible to get back to… pic.twitter.com/jIqn4WSZZw
ტომ ასპინალმა თვალის მძიმე დაზიანება 2025 წლის 25 ოქტომბერს, აბუ-დაბიში გამართულ UFC 321-ზე, სირილ განის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო. შეხვედრის პირველსავე რაუნდში ფრანგმა მეტოქეს თვალში თითი მოარტყა, რის გამოც ბრიტანელმა დაპირისპირების გაგრძელება ვეღარ შეძლო. დაპირისპირება ოფიციალურად შედეგის გარეშე გამოცხადდა. სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა შემდგომი გართულებები, ინფექციები და განმეორებითი ტრავმები, რამაც ასპინალს ოქტაგონზე დაბრუნების საშუალება არ მისცა და საბოლოოდ ტიტულის ვაკანტურად გამოცხადება მოუწია.