თეოდოროს ცელიდისი: "ოლიმპიური ჩემპიონობა შემიძლია, ამ წონაში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ"
30 წლის ბერძენმა ძიუდოისტმა - თეოდოროს ცელიდისმა, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორია, საინტერესო განცხადება გააკეთა.
ბერძენმა ძიუდოისტმა აღნიშნა, რომ რთული პერიოდის შემდეგ ტატამიზე კარგად დაბრუნება შეძლო და გრძნობს, რომ ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადისთვის იდეალურ ფორმაში იქნება და მედლისთვის იბრძოლებს.
ეს მედალი ამჯერად ბრინჯაოს პრიზის აღარ იქნება და მისი მიზანია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს - როგორც თავად იძახის, იგი 90 კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ძიუდოისტია.
'ახლა, როცა მომდევნო ოლიმპიური თამაშები ახლოვდება, ვიწყებ იმ მოტივაციის ხელახლა შეგრძნებას, რაც წინა ოლიმპიურ თამაშებზე მქონდა და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.
მინდა, კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი მოვიპოვო, თუმცა ამჯერად აქცენტი ოქროს მედალზე მექნება გაკეთებული და არა ბრინჯაოზე - ვფიქრობ, რომ ეს შემიძლია, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, თუმცა ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სტაბილური მებრძოლი ვარ." - თეოდოროს ცელიდისი
ცელიდისი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მებრძოლი, რადგან მას თითქმის ყველა შეჯიბრზე ვხედავთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იგი დიდი მიღწევებით არ გამოირჩევა - 30 წლის ბერძენს ყველაზე დიდი კარიერული მიღწევა ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი აქვს.
IJF ტურში, მას მხოლოდ ერთადერთი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული (2024 წლის ტაშკენტის გრანდ სლემზე), 1 ვერცხლის მედალი აქვს 2026 წლის დუშანბეს გრანდ სლემზე. დანარჩენი მიღწევები მხოლოდ ბრინჯაოს მედალებია, ისიც თბილისისისა და ასტანის გრანდ სლემებზე.
აქვე ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ცელიდისი მსოფლიო ჩემპიონატებზე 1/8-ფინალზე შორს არასოდეს გასულა...
მის წონაში ქართველებიდან 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე ასპარეზობენ. ცელიდისისა და მაისურაძის გზები ჯერ არასოდეს გადაკვეთილა, რაც შეეხება ბექაურს, ბერძნულ-ქართული დაპირისპიდება 2-ჯერ შედგა, სადაც ორივეჯერ გამარჯვება ლაშა ბექაურს დარჩა.