ქართველი სპორტსმენი ქროსფიტის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
23 წლის ქართველი სპორტსმენი - ნიკა მაისურაძე, ევროპის 40 საუკეთესო ქროსფიტ ათლეტს შორის მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურზე იასპარეზებს.
ქროსფიტის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტური საფრანგეთში გაიმართება, სადაც ნიკა მაისურაძე 13 მაისს გაემგზავრება და წარმატების მიღწევას შეეცდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურზე 40 ათლეტი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 10 საუკეთესო მონაწილე ფინალურ ტურში გადავა და მსოფლიოს საუკეთესო ქროსფიტელის ტიტულისთვის იბრძოლებს. შეჯიბრებები 17-19 მაისს, 14 სხვადასხვა დისციპლინაში ჩატარდება და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონი გამოვლინდება.
ტურნირზე გამგზავრების წინ, ქართველი სპორტსმენი მოტივირებულია და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თავი წარმატებული ასპარეზობით გამოიჩინოს და საქართველო ასახელოს. ნიკა მაისურაძე იმედს გამოთქვამს, რომ თავისი წარმატებული ასპარეზობა დამწყები სპორტსმენებისთვის მოტივაციის წყარო გახდება.
ქროსფიტი თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება და მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს სპორტის ამ სახეობით დაკავებას. ქროსფიტის მთავარ არსს ის გარემოება წარმოადგენს, რომ ადამიანს ნებისმიერი ფიზიკური ამოცანისა და სირთულის გადალახვა უნდა შეეძლოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქროსფიტი არის ფიტნეს მეთოდოლოგია და იყენებს 4 მეთოდს. პირველი მოდელი 10 მთავარ ფიზიკურ უნარს ემყარება. მეორე მოდელი კონკრეტული ფიზიკური დავალებების შესრულებას ისახავს მიზნად. მესამე მოდელი ემყარება ენერგიას, რომელიც ყველა ადამიანუ მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მეოთხე მოდელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრას, მისი ფიტნესის დონის გაზომვისთვის.
ქროსფიტი ეს არის ფუნქციონალური ვარჯიშის მეთოდოლოგია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება, რომ ნებისმიერს გამოადგეს. მისი მთავარი მიზანია, რომ ადამიანი მზად იყოს ნებისმიერი ფიზიკური და მენტალური გამოწვევისთვის, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება გვიმზადებს.