ქართველების მეტოქეები ულან ბატორის გრანდ სლემზე ცნობილია
19 ივნისს მონღოლეთის დედაქალაქი ულან ბატორი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირი 21 ივნისამდე გაგრძელდება და საქართველოდან 13 მონაწილე გვეყოლება. მონღოლეთში 9 ვაჟი და 4 გოგონა იასპარეზებს.
- 60 კილოგრამი
ტრადიციულად საშეჯიბრო დღეს ჩვენი მხრიდან გიორგი სარდალაშვილი გახსნის, რომელიც A ბადეში მოხვდა და მისი პირველი მეტოქე სლოვენიის წარმომადგენელი დავიდ შტარკელი იქნება.
-66 კილოგრამი
66 კილოგრამში საქართველოს სახელს ორი სპორტსმენი დაიცავს - ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე გიგაური. ვაჟა A ბადეში მოხვდა და პირველ ბრძოლას პორტუგალიის წარმომადგენელ მიგელ გაგოსთან გამართავს. რაც შეეხება გიგაურს, ის D ბადეში გამოვა და პირველ შეხვედრაში ფინელ ლუკას საჰას შეხვდება.
-73 კილოგრამი
როგორც 66 კილოგრამში, 73 კილოგრამშიც ორი ათლეტით გამოვალთ. ტრადიციულად ამ წონაში იასპარეზებს ტიტულოვანი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც პირველ შეხვედრას გამოტოვებს და ჯასტინ ლემირესა და იონათან ელბაზს შორის გამარჯვებულს შეხვედება. რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, გიორგი ტერაშვილი A ბადეში მოხვდა და პირველ დაპირისპირებას კორეელ ჯაეჰონგ ანთან გამართავს.
-81 კილოგრამი
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობას ზაურ დვალაშვილი შეუტევს. ის A ბადეშია და პირველ შეხვედრას ბაჰრეინის წარმომადგენელ ასკერბი გერბეკოვთან გამართავს.
-90 კილოგრამი
90 კილოგრამში ლუკა ჯავახიშვილი იასპარეზებს. ქართველს თავიდანვე რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან პირველ ბრძოლაში ნემანია მაიდოვს შეხვდება. ლუკა C ბადეში იასპარეზებს.
-100 კილოგრამი
100 კილოგრამში ტრადიციულად ილია სულამანიძე იასპარეზებს. ილიას პირველი შეხვედრა ნიკო შერაზადიშვილთან მოუწევს. შეგახსნებთ, რომ ნიკო ესპანეთის სახელით ასპარეზობს.
+100 კილოგრამი
მძიმე წონაში ირაკლი დემეტრაშვილი იასპარეზებს. ირაკლი C ბადეში მოხვდა და პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ის მონღოლ გატულგასა და რუმინელ დობრეს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
-48 კილოგრამი
გოგონებიდან პირველი ტატამზე ჯულიეტა როდონაია გამოვა. ის B ბადეში იასპარეზებს და მისი მეტოქე იტალიელი ფრანჩესკა მილანი იქნება
-70 კილოგრამი
70 კილოგრამში საქართველოს ღირსებას ნინო გულბანი დაიცავს, რომელიც მასპინძელ ლხაგვადულამ სარანცეცეგს დაუპირისპირდება. ამ წონაში მეორე წარმომადგენელიც გვეყოლება - მარიამ ჭანტურია. მარიამის მეტოქე იტალიელი ირენე პედროტია. წილისყრის შედეგად გოგონები შესაბამისად B და С ბადეებში მოხვდნენ.
+78 კილოგრამი
გოგონათა მძიმე წონაში საქართველოს სახელით ტრადიციულად სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს. სოფიო პირველ ბრძოლას ჩინური ტაიპეის წარმომადგენელ ლინგ ფანგ ჩანგთან გამართავს.