Belive

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას ითხოვს | დომინანტური გამარჯვება სეხუდოსთან

4 თვის წინ სხვა
3 წთ

მერაბ დვალიშვილის ერთადერთი მიზანი ჩემპიონობაა.

პიოტრ იანისა და ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ, ჰენრი სეხუდო მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომლის წინააღმდეგაც ქართველმა მებრძოლმა გაიმარჯვა. დომინანტური ბრძოლა, სადაც შოუს ელემენტებიც ვიხილეთ, ქართველ და უცხოელ გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება.

ბრძოლა იმავე სტილით წარიმართა, რითაც რუსი პიოტრ იანი განადგურდა - მერაბი მეტოქეს მუდმივ წნეხში ამყოფებდა და საკუთარ სისწრაფესა და გამძლეობას ოსტატურად იყენებდა. იანთან შედარებით, სეხუდომ უკეთესი ასპარეზობა შემოგვთავაზა (განსაკუთრებით, პირველ რაუნდში), თუმცა, ბრძოლის დასრულებისთანავე, ყველასთვის ნათელი იყო, რომ მსაჯები გამარჯვებულად მერაბს დაასახელებდნენ.

ასეც მოხდა: 29-28, მერაბის სასარგებლოდ. ოქტაგონის კედელზე გადაკიდებულმა ქართველმა, Facebook-ის დამაარსებელს, მარკ ზაკერბერგს ხელი ჩაურტყა, იქამდე კი, მთელი ბრძოლის განმავლობაში, კონტაქტი არაერთხელ შედგა. მეტიც, ერთ-ერთ ეპიზოდში, მერაბმა სეხუდო ხელში აიტაცა, ნახევარი ოქტაგონი გადაიარა და წარმოშობით მექსიკელი მებრძოლი ზაკერბერგს ნანადირევივით წინ დაუგდო - ეს ნამდვილი შოუ გახლდათ.

The Machine-ად წოდებული მერაბი საოცარი მებრძოლია. UFC-ში ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მთავარ ხიბლს ადამიანური თვისებები სძენს - ადამიანურია, ალალია, ბუნებრივია და ყველა მოქმედებაზე, სრულიად არაპათეტიკურად, ეტყობა, რომ თავისი ქვეყნის პატრიოტია. დამარცხებულ მეტოქეებს ყოველთვის ეხუმრება, მაგრამ დამცირებამდე არასოდეს მიდის. პირიქით, ღირსეულად, ხელის ჩამორთმევით, თავის დაკვრით - სეხუდოსაც ასე უთხრა, ლეგენდა ხარო.

მკერდზე გაერთიანებული საქართველოს რუკა აქვს ამოტვიფრული. ისტორიას გაგახსენებთ: ოქტაგონზე ბრძოლისას, ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვას, მერაბმა ორიგინალური მეთოდით უპასუხა და გულთან ახლოს, საქართველოს რუკა ამოისვირინგა.

ამიტომაცაა - მერაბი არამარტო სპორტული მიღწევების, არამედ მისი ადამიანური მხარის გამოც უყვართ - ამდენ ქართველს კვირა დილის შვიდ საათზე მხოლოდ ასეთი ადამიანი თუ გააღვიძებდა.

სეხუდოსთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, ოქტოგანოზე ჯო როგანი ავიდა და ქართველს ინტერვიუ ჩამოართვა.

ვამაყობ, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მარტივად არაფერი მიმიღია. ბევრი შრომა ნაყოფს ყოველთვის ისხამს. ყოველდღე ვვარჯიშობ და დღევანდელი ბრძოლით არც კი დავღლილვარ - 3 რაუნდი ჩემთვის არაფერია. სად არის ჩემპიონი? ახლავე აქ მომგვარეთ.

მზად ვარ 10 რაუნდისთვის. ვინც არ უნდა იყოს ჩემპიონი, ბრძოლისთვის მზად ვარ. შონ ო'მალის 2018 წლიდან ვიწვევ და ჩემი ერთადერთი მიზანი ტიტულისთვის ბრძოლაა. - მერაბ დვალიშვილი

დვალიშვილის ჩემპიონობა მხოლოდ დროის საგანია. მანამდე, შეგვიძლია ილია თოფურიას უდიდესი გამარჯვებით ვიამაყოთ, რადგან, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შედეგად, ქართველი "ელ მატადორი" ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის მფლობელი გახდა!

იხილეთ მერაბ დვალიშვილი VS ჰენრი სეხუდო (სრული ბრძოლა)

სხვა სტატიები